იაპონურ საფონდო ბირჟაზე ნახევარგამტარების სექტორში არსებული გამოწვევების ფონზე, ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები საგრძნობლად დაეცა, რამაც ინვესტორთა განწყობებზე უარყოფითი გავლენა იქონია. მიმდინარე პროცესების ფონზე, იაპონური საინვესტიციო გიგანტის, SoftBank-ის აქციების ფასი 8%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსების შეფასებით, ფასიანი ქაღალდების მკვეთრი კლება მიწოდების ჯაჭვის პრობლემებსა და მერყევ მოთხოვნას უკავშირდება, რაც ინვესტორებს ნახევარგამტარების სექტორში მომუშავე ბრენდების მომავალი მოგებიანობის მიმართ ეჭვებს უჩენს.
ამასთან, Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ბოლო კვირის განმავლობაში მაღალი მერყეობა და დაღმასვლის დინამიკა ფიქსირდება, რაც ინვესტორებს რისკის შემცირებისაკენ უბიძგებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ GuruFocus-ის ფინანსური ანალიზის თანახმად, SoftBank-ის აქციები ბაზარზე ამჟამად გადაჭარბებულად არის შეფასებული. განმარტებისთვის, კომპანიის აქციების რეალური შიდა ღირებულება $7.86-ს შეადგენს, რაც მიუთითებს, რომ ბაზარზე არსებული ამჟამინდელი ფასი 160%-ით აჭარბებს მის ნორმალურ ნიშნულს.
ცნობისთვის, SoftBank-ი ძირითადად ტექნოლოგიური მომსახურების, ტელეკომუნიკაციებისა და ელექტრონული კომერციის სექტორში ოპერირებს. მისი პორტფელი ჩიპების დიზაინერი ბრენდის, Arm Holdings-ის 90%-იან მფლობელობას მოიცავს.




























