თურქეთის კონკურენციის სააგენტომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Google-ის წინააღმდეგ ოფიციალური გამოძიება დაიწყო და ის ციფრული რეკლამის ბაზარზე კომპანიის საქმიანობის შესაძლო დარღვევებს უკავშირდება.
უწყების განცხადებით, გამოძიების მიზანია დაადგინოს, შეესაბამება თუ არა Google-ის აღრიცხვისა და კომერციული პრაქტიკა თურქეთის კანონმდებლობას. ყურადღების ცენტრშია კომპანიის ურთიერთობა სარეკლამო სააგენტოებთან და კლიენტებთან, რომლებიც სრულად არიან დამოკიდებულნი Google-ის სერვისებზე.
ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ არსებობს ციფრულ ბაზარზე მონოპოლიის რისკი. რისკი, რომლის შემცირებასაც მთავრობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება ძირითადად ფოკუსირებული იქნება ფასწარმოქმნის მექანიზმებსა და სარეკლამო კამპანიების მართვის პროცესზე. სააგენტო ასევე შეისწავლის Google-ის სააღრიცხვო სისტემებს, რომლებსაც კომპანია შემოსავლების წარდგენისა და მოგების განაწილებისას იყენებს. ანალიტიკოსების შეფასებით, პროცესმა შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს რეგიონში კომპანიის ოპერაციებზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ახალი შეზღუდვები ან ფინანსური სანქციები დაწესდება. ასეთი მოცემულობის დადგომა Google-ს აიძულებს, რეკლამის ბაზარზე საკუთარ სტრატეგიას გადახედოს და ადგილობრივ რეგულაციებს მეტად მოერგოს.
ცნობისთვის, Google-ისთვის თურქეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბაზარია, ამიტომ გამოძიების შედეგებს როგორც კომპანიაში, ისე ტექ-სფეროში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან. გარკვეულწილად , სწორედ ვერდიქტზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოახერხებს კომპანია, შეინარჩუნოს ლიდერობა ციფრული რეკლამის სექტორში.




























