მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დაკარგა Windows-მა 400 მილიონი მომხმარებელი 3 წელიწადში?

Windows 11
BM. GE
06.07.25 20:21
590

როგორც Microsoft იუწყება, Windows-ის მომხმარებლების რაოდენობა 2022 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა და დღეს მას ოფიციალურად მხოლოდ 1 მილიარდი ადამიანი იყენებს. ამ ცვლილების გამომწვევ მიზეზად კომპანია მომხმარებლების მიერ კონკურენტ პლატფორმებზე, macOS-სა და Linux-ზე გადასვლას ასახელებს. კომპანიისთვის გამოწვევად იქცა სმარტფონების მოხმარების ზრდაც, რის ფონზეც სულ უფრო ნაკლები ადამიანისთვის ხდება Windows-ი მიმზიდველი. თუ ვიკითხავთ, როგორ მოახერხა Linux-მა ოპერაციული სისტემების ლეგენდისთვის მომხმარებლების წართმევა, პასუხს სამთავრობო უწყებების კომპიუტერებში ვიპოვით. არაერთმა ქვეყანა, მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა საჯარო სამსახურები Linux-ის გამოყენებაზე გადაიყვანა. რაც შეეხება Apple-ს, მას სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა არ დასჭირვებია. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც კომპანიამ Intel-ის პროცესორებზე უარი თქვა, მომხმარებლების დაინტერესება Mac-ების მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ძირითადი დანაკარგები Windows-ს მაინც სმარტფონებისა და პლანშეტების მიმართულებით აქვს. კონკურენტების რაოდენობისა და შესაძლებლობების ზრდის ფონზე, კომპანიამ თავისი უპირატესობები დაკარგა. ახლა ყველაზე უბრალო ტელეფონსაც კი შეუძლია მომხმარებელს საძიებო სისტემებისა და თამაშების დიდი სპექტრი შესთავაზოს. თუ სახლში დიდი პროცესორი არ გიდგას, ეს აღარ ნიშნავს იმას, რომ Windows-ის მომხმარებელზე ნაკლებად შეძლებ თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობას.

ამ ცვლილებების მიუხედავად, Windows-ი ბაზრის დომინანტად მაინც რჩება. განსაკუთრებით კი იმ მიმართულებებით, რომელთა ათვისებაც კონკურენტებმა ჯერ ვერ მოახერხეს. მათ შორისაა გეიმინგ ინდუსტრია. თუ Apple-მა ბოლო პერიოდში დაიწყო ამ მიმართულებაზე ადაპტირება, არაერთი სახელგანთქმული კომპანია უკვე წლებია ექსკლუზიურად Windows-ისთვის ქმნის თამაშებს. და მაინც, Microsoft-ის მიერ ბოლო ათწლეულში 2 განახლებული ოპერაციული სისტემის წარდგენამ და მომხმარებლებისთვის Windows 11-ზე გადასვლის უპირობო მოთხოვნამ დამატებით უარყოფითად იმოქმედა კომპანიის მოთხოვნადობაზე. როგორც ცნობილია, Microsoft-ი ოქტომბერში შეუწყვეტს მხარდაჭერას Windows 10-ს, იმის ალბათობა კი, რომ მომხმარებლებმა ძვირად ღირებული ტექნიკა მხოლოდ Microsoft-ის ოპერაციული სისტემის სიყვარულით იყიდონ, ნაკლებად სავარაუდოა.

ბოლო 3 წელიწადში Windows-ის მომხმარებლების 400 მილიონით შემცირება მომხმარებლების მოთხოვნილებების ცვლილების გამოძახილია - მათ სურთ მარტივად სატარებელი მოწყობილობები, რომლებსაც განვითარებული ეკოსისტემა ექნებათ. ალბათ, Microsoft-ის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ამ მიმართულებებზე მუშაობა და არსებული სტრატეგიის ცვლილება იქნება. თუ კომპანიამ ვერ მოახერხა ახალ ეპოქასთან ადაპტირება, მას ის ბედი ელის, რაც წლების წინ, Windows-ის გამოჩენისას Atari-ს ოპერაციულ სისტემას ხვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები