მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ დათანხმდა ბიძინა ივანიშვილი ალან ბერსესთან შეხვედრას? - არჩილ იაკობაშვილის მოსაზრება

ბერსე

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრის, ეკონომიკის პროფესორ არჩილ იაკობაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას წერს იმის შესახებ, თუ რატომ შეიძლება დათანხმებულიყო ბიძინა ივანიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ალან ბერსესთან შეხვედრას.

ის საუბრობს შვეიცარიული ბანკების, UBS-ისა და Credit Suisse-ის შერწყმაში ალან ბერსეს როლზე და აღნიშნავს, რომ ბერსემ გადაარჩინა Credit Suisse-ის ყველა კლიენტი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც, როდესაც მოაწერა ხელი, რომ UBS-ს კონკურენტი ბანკი სიმბოლურ ფასად გადასცემოდა.

"მათთვის, ვისაც აინტერესებს, რატომ შეიძლება დათანხმებოდა ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა შეხვედრას ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ალან ბერსესთან:

ბერსე იყო 10 წლის მანძილზე (2013-2023) შვეიცარიის შსს მინისტრი და ამ პერიოდში 2-ჯერ როტაციის წესით შვეიცარიის ფედერალური პრეზიდენტი (ე.ი. მინისტრთა საბჭოს თავ-რე).

2023 წლის 19 მარტს, გამონაკლისის სახით კვირა დღეს, სწორედ ბერსემ როგორც 2023 წელს შვეიცარიის ფედერალურმა პრეზიდენტმა, მოაწერა ხელი ნებართვას, რომ UBS-ს გადასცემოდა სიმბოლურ ფასში 1 ფრანკად Credit Suisse-ის აქციების სრული პაკეტი, ხოლო ტრანსაქციის გარანტორი იქნებოდა შვეიცარიის სახელმწიფო.

ბერსეს ამ გადაწყვეტილების გარეშე ორშაბათს 20 მარტს, საერთაშორისო ფინანსურ ბირჟებზე მოხდებოდა ერთდროულად მიწისძვრაც და ცუნამიც შესაბამისი დროის ზონების მიხედვით აზიიდან ევროპის გავლით ამერიკამდე.

ბერსემ გადაარჩინა Credit Suisse-ის ყველა კლიენტი, მათ შორის ბიძინაც, თუნდაც სასამართლო დავის პირობებში.

დასკვნები (ნაკლები ემოციით და მეტი პროფესიონალიზმით) უფრო სასურველი იქნებოდა",- წერს არჩილ იაკობაშვილი ბერსეს და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. BMG-ის „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ბერსეს და ივანიშვილს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა საუბრის შინაარსზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. თავად ბერსეს თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა.

„ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ოთხშაბათს გვქონდა, რომელიც სხვა შეხვედრების მსგავსად იგივე საკითხებს შეეხებოდა - საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ბოლო თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, ვისაუბრეთ იმაზე თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნა და ვალდებულებები, რაც არსებობს და რეალობას და ასევე ყველა მხარის პასუხისმგებლობას, მათ შორის ევროპული მხარის, რომ ვიმუშაოთ ყველა წევრ სახელმწიფოსთან, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე გააგრძელოს სიარული. ეს იყო ჩვენი საუბრის თემატიკა. გარკვეული კითხვის ნიშნები და პრობლემები რაც რეგიონში არსებობს, საქართველოშიც იგივეა. ეს არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანების უფლებების დაცვა და ბატონ ივანიშვილთან ამაზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა ალან ბერსემ პრესკონფერენციაზე 20 დეკემბერს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები