ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების და ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობის ფონზე, საერთაშორისო ბირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების შეფასება ეცემა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ინდუსტრიის საერთო შეფასება $2.3 ტრილიონს შეადგენს, ხოლო ბიტკოინის ფასი 65,700 დოლარის ფარგლებშია, რაც 24 საათში 2.5%-ით შემცირებულ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ეთერიუმის ფასი 1,900 დოლარია, რაც 4%-იანი გაუფასურებაა. აგრეთვე შემცირებულია სხვა კრიპტოაქტივების შეფასებაც.
ინვესტორთა განწყობის ინდექსი, რომელიც Fear & Greed-ის სახელით არის ცნობილი, ამჟამად ექსტრემალური შიშის ზონაში იმყოფება (15/100), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბაზარს ემოციური განწყობა ამოძრავებს.
კრიპტობაზრის ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინვესტორების მხრიდან რისკებისგან თავის არიდებაა. ომის დაწყებისთანავე, ინვესტორები მაღალრისკიანი აქტივების გაყიდვას იწყებენ, რათა კაპიტალი დაიცვან და უფრო სტაბილურ ინსტრუმენტებში გადავიდნენ, როგორიცაა: სახელმწიფო ობლიგაციები ან ოქრო.
ვინაიდან კრიპტოვალუტა კვლავ მაღალვოლატილურ აქტივად მიიჩნევა, ის ერთ-ერთი პირველია, რომელსაც ინვესტორები პორტფელიდან იშორებენ. თუმცა ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ საწყისი შოკის შემდეგ, კრიპტობაზარს ხშირად სწრაფი აღდგენა ახასიათებს. თუმცა წარსული გამოცდილება მომავლის გარანტიას არ წარმოადგენს.




























