საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 130 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 12%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
თითქმის 11%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად 91,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.8 ტრილიონის ფარგლებშია. რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 3,000 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $365 მილიარდია.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის დაღმასვლასთან, რაც ბაზარზე "სპეკულაციური ბუშტის" გაჩენის შიშით არის განპირობებული. ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, AI-კომპანიების შეფასება ირაციონალურად მაღალია, ამიტომ უახლოეს მომავალში მკვეთრი ვარდნა გარდაუვალი იქნება, რაც გლობალური ბირჟის განწყობაზე ნეგატიურად აისახება.
ზოგადად, კრიპტობირჟასა და Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსს შორის ისტორიული კორელაცია არსებობს და უმეტესად ბიტკოინის ღირებულება ტექნოლოგიურ ინდექსთან მიმართებით ინვესტორების განწყობაზეა დამოკიდებული. როდესაც Nasdaq-ის ინდექსი ეცემა, მაშინ, როგორც წესი, ბიტკოინის და სხვა კრიპტოაქტივების შეფასებაც მცირდება.




























