ლეგენდარულმა ინვესტორმა და Berkshire Hathaway-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა, უორენ ბაფეტმა განაცხადა, რომ შესაძლოა ბილ გეითსის საქველმოქმედო ფონდისთვის მრავალმილიარდიანი ყოველწლიური შეწირულებები შეწყვიტოს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ჯეფრი ეპშტეინის საქმეში გამოკვეთილი ახალი დეტალები და მისი კავშირებია Microsoft-ის დამფუძნებელთან. ტელეკომპანია CNBC-სთან ინტერვიუში ბაფეტმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ეპშტეინის ფაილები გასაჯაროვდა, მას ბილ გეითსთან საერთოდ არ უსაუბრია.
"სანამ ყველაფერი ბოლომდე არ გაირკვევა, ვფიქრობ, ბევრი ლაპარაკი აზრს მოკლებულია", - განაცხადა ინვესტორმა.
აღსანიშნავია, რომ ბაფეტსა და გეითსს შორის მრავალწლიანი მეგობრობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორს ეპშტეინის დანაშაულებრივ სქემებში გეითსის მონაწილეობის არ სჯერა, ის მაინც ითხოვს სრულყოფილ ინფორმაციას მომხდარის შესახებ. ბაფეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავად არასოდეს ჰქონია შეხება ეპშტეინთან. ლეგენდარულმა ბიზნესმენმა მას "სენსაციური აფერისტი" უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ბაფეტმა საკუთარი საქველმოქმედო სტრატეგია მნიშვნელოვნად შეცვალა. ჯერ კიდევ ორი წლის წინ გახდა ცნობილი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გეითსის ფონდი დამატებით დაფინანსებას აღარ მიიღებდა. ამის ნაცვლად, ინვესტორის თითქმის მთელი ქონება განსაკარგავად მის სამ შვილს გადაეცემა, რომლებიც ერთობლივად იქნებიან პასუხისმგებელნი ქველმოქმედებაზე. ცნობისთვის, უორენ ბაფეტმა ჯერ კიდევ 2006 წელს დადო საჯარო პირობა, რომ სიცოცხლის ბოლომდე გეითსების ფონდ აქციებს ყოველწლიურად გადასცემდა, თუმცა ახლა ამ პირობის შესრულება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ამ ეტაპზე ბაფეტს ფონდისთვის მიმდინარე დაფინანსების შეწყვეტის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა იგი მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდება.




























