მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გააკრიტიკა Euroclear-მა რუსული აქტივების უკრაინისთვის გადაცემის გეგმა?

აეროფლოტი

​ევროკავშირის საკლირინგო ორგანომ Euroclear-მა შეშფოთება გამოხატა ევროკავშირის მიერ გაყინული რუსული აქტივების სრულად ჩამორთმევის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემას.

უწყება ამ ნაბიჯს არარეალისტურად მიიჩნევს და მზადაა, სამართლებრივი დაცვისთვის სასამართლოშიც კი გაასაჩივროს იგი.

რატომ აფერხებს Euroclear-ი პროცესს? — ​Euroclear-ი, სადაც რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უმეტესი ნაწილი ინახება, რამდენიმე მთავარ რისკზე მიუთითებს, რომელთა განეიტრალების გარეშე, უწყება აქტივების ჩამორთმევის ბრძანებას არ აღასრულებს.

​პირველ რიგში, Euroclear-ის ხელმძღვანელობა შიშობს, რომ აქტივების პირდაპირი ჩამორთმევა გამოიწვევს ხანგრძლივ სასამართლო დავებს რუსი ინვესტორების მხრიდან. კომპანიას სურს, რომ დაცული იყოს იურიდიული შედეგებისგან, მათ შორის შესაძლო კომპენსაციის გადახდისგან, თუკი ის სასამართლო დავებს წააგებს. ამ მიმართულებით შეშფოთებას ბელგიის მთავრობაც გამოხატავს და აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამონაწილეობის გარეშე, ის ამ გეგმას მხარს არ დაუჭერს.

​მეორე მიზეზი ისაა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი და ზოგიერთი წევრი ქვეყანა შიშობს, რომ სახელმწიფო ქონების კონფისკაცია შექმნის სახიფათო საერთაშორისო სამართლებრივ პრეცედენტს. ეს შეიძლება ევროს, როგორც უსაფრთხო სარეზერვო ვალუტის სტატუსზე უკიდურესად ნეგატიურად აისახოს და სხვა ქვეყნებს ევროპული ბაზრიდან საკუთარი აქტივების გატანისკენ უბიძგოს.

​ამასთან არსებობს რისკი, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მიმართავს, რაც ევროპელ ინვესტორებს და ფინანსურ ინსტიტუტებს დააზარალებს. ამ მიმართულებით არსებობს როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების რისკებიც.

Euroclear-ის რისკების დეპარტამენტს ხელმძღვანელის, გილიომ ელიეტის განცხადებით, არსებული მოცემულობით პროექტის მხარდაჭერა შეუძლებელია და აუცილებელია ბელგიისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები