მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადის "სნო" ევროკავშირში სხვა სახელწოდებით და რა მხარდაჭერას ითხოვს კომპანია მთავრობისგან

5e42fe8be6741
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.20 14:46
12036
ქართული მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „აქვა გეო“ სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ელის. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქართული მინერალური წყალი „სნო“ ევროკავშირის ბაზარზე, კონკრეტულად კი, გერმანიაში სხვა დასახელებით რეალიზდება, რასაც ევროპის ბაზარზე ანალოგიური სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია განაპირობებს.

„მიუხედავად იმისა, რომ „სნოს" ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებისას რამდენიმე წლის წინ პრობლემები შეგვექმნა, ჩვენ შევძელით ამ ბაზარზე გასვლა, თუმცა სხვა ბრენდის, კერძოდ კი „აქვა გეო“-ს სახელწოდებით.. საქმე იმაშია, რომ ამ ბაზარზე შესვლისას დაგვხვდა უკვე რეგისტირებული ამავე დასახელების ანალოგიური სასაქონლო ნიშანი, რის გამოც მოგვიწია სახელწოდების შეცვლა; სხვა შემთხვევაში, ვერ მოვახდენდით მის ექსპორტზე შეტანას ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში. ნებისმიერი ექსპორტიორისთვის მნიშვნელოვანია რომ საექსპორტო პროდუქტს, მწარმოებელ ქვეყანაში ჰქონდეს როგორც ბრენდის, ასევე გაყიდვების ისტორია, რაც მთავარი წინაპირობაა უცხო ბაზარზე პროდუქტის ბრენდის შენებისა და მარკეტინგული მხარდაჭერისთვის. აქედან გამომდინარე, “აქვა გეო“-ს სახელით ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნა დაბალია და ეს სერიოზულ ბარიერს ქვიქმნის, რომ გავზარდოთ მტკნარი ამ წყლის გაყიდვები ევროპის მიმართულებით. მოცემულობა ასეთია - უცნობი ბაზარი იღებს პროდუქტს, რომელსაც საკუთარ ბაზარზე ისტორია არ გააჩნია, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს მომხმარებლისთვის“, - ამბობს გიორგი ჯირკვალიძე.

„აქვა გეოს“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ გეოგრაფიული და ადგილწარმოშობის სახელების მიხედვით არსებობს გარკვეული შეთანხმებები სახელმწიფოთა შორის და შესაძლებლობების ფარგლებში შესაბამის უწყებებს მხარდაჭერას სთხოვს .

„ჩვენ გვაქვს ორი არაჩვეულებრივი ადგილი სნო და კობი, სადაც ხდება ჩვენი წყლების ფორმირება-მოპოვება-წარმოება და ამ პროდუქტის ექსპორტით ვახდენთ როგორც - ამ ადგილების მიმართ ტურისტული ინტერესების პოლარიზაციას, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციას. მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ერთმა კომპანიამ თავისი პროდუქტი დაარეგისტრირა ევროკავშირის ბაზარზე „სნო“-ს სახელწოდებით, რომელიც გეოგრაფიულთან არანაირ კავშირში არ არის და სინამდვილეში მოდის მხოლოდ ინგლისური სახელწოდებიდან “Snow”. ჩვენ ჩვენი გეოგრაფიული ადგილების ე.წ. დაბლოკვა გვიწევს. გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი პროდუქტი - „სნო“-ს სასაქონლო ნიშნით გავიდეს ევროკავშირში და გვაქვს იმედი, რომ მსგავსი ბარიერის მოხსნა სახელწიფოს მხარდაჭერით შესაძლებელია. სამწუხაროდ, მსგავსი პრობლემები მხოლოდ ევროკავშირის ბაზარზე არ არის", - აცხადებს „აქვა გეოს“ გენერალური დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, მათ პროდუქტებზე მოთხოვნა ყველაფრის მიუხედავად მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა ევროკავშირის მიმართულებას მათ ექსპორტში მცირე წილი უკავია.

„ევროპის ბაზარზე ამ პრობლემიდან გამომდინარე, არ გაგვაქვს დიდი მოცულობა. ეს ჩვენი ექსპორტის 7-8%-ს შეადგენს, რაც მტკნარი წყლის შემთხვევაში 2019 წელს ნახევარი მილიონი ბოთლი იყო. ეს ციფრები მზარდია, თუმცა მცირე მოცულობებით“, - უთხრა BM.GE-ის გიორგი ჯირკვალიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები