მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაედინება კვალიფიციური კადრები? - თამაზ დაუშვილის მოსაზრება

6325da86f264a
ინგა მურუსიძე
17.09.22 19:07
3605
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის და კომპანიების ზრდა, ასევე სახელფასო ფონდების ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ „დიოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თამაზ დაუშვილმა Forbes talks-ის ეთერში განაცხადა.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, ეს არის კვალიფიციური პერსონალის ნაკლებობა, იმ ადამიანების ნაკლებობა, ვინც განსაკუთრებით საინჟინრო-ტექნიკურ კვალიფიკაციას ფლობენ. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის და კომპანიების ზრდა, ასევე სახელფასო ფონდების ზრდა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში შევინარჩუნოთ.

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიის ფონზე ყველა ინდუსტრიაში შეიქმნა კრიზისი, მოხდა გადანაცვლება სამუშაო ძალების და საბოლოო ჯამში, მივიღეთ შედეგი, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა ტოვებს ქვეყანას. კომპანიები შიშში ვცხოვრობდით, თუ რა იქნებოდა, ვიყავით თვითგადარჩენის რეჟიმში და არ იყო საშუალება, რომ გვეფიქრა მოტივაციის ახალ სისტემაზე“, - თქვა თამაზ დაუშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ჩვენთან მაგალითისთვის მიმტანს ჰქონდეს 1500 ევრო ხელფასი, თამაზ დაუშვილი პასუხობს, რომ ეს შესაძლებელია, თუკი სწრაფად გავიზრდებით.

„არ ვიზრდებით, ერთ ადგილას ვდგავართ. არ ვვითარდებით. შესაბამისად, ბიზნესი მოკლებულია შესაძლებლობას, მეტი გაიღოს სახელფასო ფონდისთვის. ვინაიდან არ არის სათანადო ეკონომიკური ზრდა. ბევრი ბიზნესია, თუმცა არ არის საკმარისი ეკონომიკური ზრდა იმისთვის, რომ ბიზნესს ჰქონდეს მეტი შემოსავალი, რათა თამამად გაიმეტოს მეტი თანხა თანამშრომლების მოტივაციის სქემისთვის. გადის დრო და ადამიანები უკვე ფიქრობენ, რომ მზად არიან უცხოეთში წასასვლელად და მეტი ანაზღაურების მისაღებად“, - განაცხადა დაუშვილმა.

მან განათლების საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში არ არის პოპულარული პროფესიული სასწავლებლები.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, კადრების გადინება მეტწილად სოციალური საკითხია თუ პროფესიული, დაუშვილის თქმით, ეს არის ძირითადად უპერსპექტივობის განცდა. „უსაფრთხოების შეგრძნება არ აქვთ ადამიანებს“, - აღნიშნა დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები