მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გაითიშა adjaranet, imovies და სხვა საიტები? - კომუნიკაციების კომისიის განცხადება

6305eee2ab172
მარიამ იზორია
24.08.22 13:31
14292
რამდენიმე დღეა, რაც მეკობრული ვებგვერდები გაითიშა, ადამიანები კი ამ საიტებზე სხვდასხვა ფილმისა თუ სერიალის ნახვას ვეღარ ახერხებენ. საუბარია ისეთ ვებგვერდებზე, როგორიც adjaranet და imovies-ია. როგორც მათ საიტებზეა აღნიშნული ამ დროისთვის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

იმის გასარკვევად, თუ რატომ გაითიშა ვებგვერდები bm.ge adjaranet-ს დაუკავშირდა, თუმცა კომპანია აღნიშნულზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.

მეკობრული საიტების გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას კომუნიკაციების კომისიაც ავრცელებს.

მარეგულირებლის ინფორმაციით, ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია და სწორედ ამიტომ ისინი ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობენ.

ამასთან, კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის ორიწლიანი ვადა მისცა და გასულ კვირაში ვებგვერდებს არალეგალრი კონტენტის ჩახსნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. როგორც კომუნიკაციების კომისიის განცხადებაშია აღნიშნული იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებენ.

„კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ. გამომდინარე იქიდან, რომ მეკობრეობის სრულად აღმოფხვრა კომუნიკაციების კომისიის პრიორიტეტად რჩება, კომისია ამ ეტაპზეც ყოველდღიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე უცხოურ ვებგვერდებთან არალეგალური კონტენტის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირაში ხანგრძლივი სამუშაო პროცესის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, რომ გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები არალეგალური კონტენტისგან. იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით“ - აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, 2019 წელს საქართველომ Motion Picture Association of America-სგან გაფრთხილებაც მიიღო, სადაც ამერიკული კინოსტუდიები შეშფოთებას გამოთქვამდნენ საქართველოში არსებულ საიტებზე არალეგალური ფილმების ჩვენების გამო და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ქვეყანას სანქციების შესახებ აფრთხილებდნენ, რაც კინო და ტელე მსოფლიო პრემიერების დაგვიანებით ან, რიგ შემთხვევაში, მათი სრულიად გაუქმებით იქნებოდა გამოხატული.

მეკობრული საიტების გათიშვას საავტორო უფლებათა ასოციაციაც ეხმაურება. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე bm.ge-სთან აღნიშნავს, მეკობრული საიტები ფუნქცუნირებას მოპარული კონტენტით ვეღარ გააგრძელებენ და მათ ერთადერთ გამოსავლად საქმიანობის ლეგალურად გაგრძელება რჩებათ.

მისივე განმარტებით, მეკობრეობა ზიანის მომტანია, რადგან სწორედ ამის გამო კრეატიულ ინდუსტრიაში ინვესტიციები არ ხორციელდება.

„საიტები საქმიანობას პირატულად ვეღარ გააგრძელებენ და ერთადერთ გამოსავლად დარჩებათ ის, რომ კონტენტი ლეგალურად მოიპოვონ.საქართველოში მთლიანი ინტერნეტსივრცის თითქმის 90% მეკობრულია.ეს დამაზიანებელია, რადგან საქმიანობას აზრი ეკარგება. კრეატიულ ინდუსტრიაში ინვესტიცია არ ხორციელდება, ამაში არავინ ფულს არ დებს. გვერდზე, როცა გყავს მეკობრე, ბიზნესი წარმატებული ვერ იქნება, რადგან ის არაკეთილსინდისიერი კონკურენტია. ამ საიტების დარეგულირებაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს, რამდენიმე შეხვედრაც იყო, რათა ისინი ლეგალურ საწყისებზე გადასულიყვნენ. ახლა, როცა ქართული ლეგალური ალტერნატივა შეიქმნა და პარალელურად არსებობს უცხოურებიც, მეკობრული ვებგვერდების ჩახსნის გადაწყვეტილების მიღება უფრო მარტივი გახდა“ - აღნიშნავს გიგა კობალაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები