პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, 2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში რეკორდულად ბევრი, 163 ათასი მოქალაქე წავიდა. მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემა ორი მიზეზითაა განპირობებული: ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური ჩამორჩენითა და ღია საზღვრებით.
“ჩვენ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, მათ შორის დემოგრაფია უმთავრესია. ჩვენ გვაქვს უარყოფითი სტატისტიკა როგორც შობადობის, ასევე მიგრაციის კუთხით, რასაც აქვს თავისი მიზეზები.
რაც შეეხება მიგრაციას, მას არსებითად ორი მიზეზი აქვს: პირველი არის ის, რომ ჯერ კიდევ დიდია ეკონომიკური ჩამორჩენა ევროკავშირის ქვეყნებთან, მეორე კი ის, რომ გახსნილია საზღვრები და უფრო მარტივია ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა. მაგალითად, გერმანიასთან ჩვენი ჩამორჩენა, ცხოვრების დონის კუთხით, ჯერ კიდევ სამმაგია. 2012 წელს ეს ჩამორჩენა იყო 4.5-ჯერ მეტი. სწორედ ამიტომ, წინა ხელისუფლების პირობებში მიგრაციის მაჩვენებლები ბევრად უფრო მძიმე იყო”, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, მიგრაციის მაჩვენებელი ორჯერ უფრო მაღალი იყო.
“ჩვენი ხელისუფლების პერიოდშიც ცუდი მაჩვენებლებია, მაგრამ ამას, როგორც უკვე ვთქვი, აქვს ორი მთავარი მიზეზი. ეკონომიკური ჩამორჩენის დროს ცდუნება არსებობს, რომ ქვეყნიდან გავიდნენ ადამიანები. “ნაცმოძრაობის” დროს, როდესაც საზღვრები საერთოდ არ იყო გახსნილი, მიგრაციის მაჩვენებელი ორჯერ უარესი იყო”, - აცხადებს კობახიძე.
პრემიერის თქმით, დემოგრაფიულ პრობლემას ეკონომიკის განვითარება მოაგვარებს, რისთვისაც ხელისუფლებას “უახლოესი რამდენიმე წელიწადი” დასჭირდება, რათა ევროკავშირის ქვეყნებს დაუახლოვდეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ შეუშლის ხელს რუსული კანონის მიღება ეკონომიკურ ზრდასა და დემოგრაფიული გამოწვევის გადაჭრას, პრემიერი აცხადებს რომ პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალობა ეკონომიკის განვითარებას აფერხებს.
“ეს კანონი ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. გაუმჭვირვალობის პირობებში, NGO-ების საქმიანობა სერიოზულად აფერხებდა ქვეყნის წინსვლას. მათი საქმიანობის შედეგები იყო რევოლუციის ორი მცდელობა 2020-22 წლებში - ასეთი მოვლენები, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას. მათი დაფინანსება რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ნაკლები შანსი იქნებოდა, რომ ისინი რევოლუციურ პროცესებში ჩაერთვებოდნენ”, - აცხადებს კობახიძე.
“რევოლოციური პროცესების” მაგალითებად პრემიერი 2020 წლის არჩევნების შემდეგ სამოქალაქო პროტესტს ასახელებს: იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს PVT (ხმების პარალელური დათვლის შედეგების) გაყალბებაში სდებს ბრალს, რაც, პრემიერის თქმით, ოპოზიციამ რევოლუციის მცდელობისთვის გამოიყენა. კობახიძისვე თქმით, რევოლუციური პროცესი იყო 2022 წელს, კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების შემდეგ გამართული საპროტესტო აქციებიც.