მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაიზარდა ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები - შეფასებები

ლარები

ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში იპოთეკური კრედიტების განაკვეთმა ლარში საშუალოდ 12.63% შეადგინა, რაც ერთწლიან ჭრილში ამ სესხების განაკვეთის 1.37 პროცენტული პუნქტით არის გაძვირებაზე მიუთითებს.

გაზრდილია სამომხმარებლო სესხების განაკვეთიც და ის 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 18.16%-ს შეადგენს.

როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, ლარის სესხების გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რიგი მიმართულებით გაზრდილი ხარჯებია, მათ შორის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გასული წლის ბოლოს ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნები გაიზარდა.

როგორც ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ბაზარზე გავლენა აქვს ასევე ტენდენციას, როდესაც ბოლო პერიოდში ბაზრის მონაწილეებმა საკმაოდ დიდი მოცულობით დეპოზიტები ეროვნული ვალუტიდან უცხოურ ვალუტაში გადაიტანეს.

„ბაზარზე გარკვეულწილად შეიმჩნევა დეპოზიტების გადადინება ლარიდან დოლარში. ამან, რა თქმა უნდა, დოლართან მიმართებაში მოთხოვნა გაზარდა, რაზეც ეროვნულმა ბანკმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნა გაზარდა. ამან თავის მხრივ, გარკვეული დეფიციტი შექმნა საბრუნავ საშუალებებზე. სესხების საპროცენტო განაკვეთი ბევრი რისკისგან შედგება. ის რისკები, რაც ბაზარმა დაინახა, ამ განაკვეთებში უკვე ჩადებული იყო, რამაც საბოლოოდ სესხების მცირედით გაძვირება გამოიწვია. საბანკო სისტემა ყოველთვის მოხარული იქნება, რაც მეტი იაფი რესურსი ექნება მას, რადგან უფრო მეტი აქტიურობის საშუალება მიეცემა და მეტი მომხმარებელი იქნება იაფი რესურსით იქნება უზრუნველყოფილი“, - განაცხადა ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა, დავით რუსიამ.

PMC კვლევით ცენტრში კი საბანკო სექტორის მიერ ლარის სესხების გაძვირებას ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, გაზრდილ ინფლაციურ და სხვა ტიპის რისკებს უკავშირებენ. როგორც ორგანიზაციის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა BMG-ის განუცხადა, ამ მიზეზებიდან გამომდინარე, საპროცენტო განაკვეთების ზრდა მომავალშიც მოსალოდნელია.

„სესხებზე საპროცენტო განაკვეთი პირველ რიგში, იმიტომ იზრდება, რომ რისკები მზარდია. დღეს ქვეყანა არასტაბილურ მდგომარეობაშია, ბიზნესის რისკები გაზრდილია. მოლოდინია, რომ წლის განმავლობაში გაცვლითი კურსი გაუფასურდება, გაიზრდება ინფლაცია და საბოლოოდ ეს ფაქტორები აისახება იმაზე, თუ რა დინამიკა აქვს საპროცენტო განაკვეთებს. ამ სიტუაციას ხშირად გავლენა აქვს მომხმარებელზე უკვე არამხოლოდ გაზრდილი ფასებიდან, არამედ გაძვირებული საფინანსო რესურსიდან გამომდინარეც. ვფიქრობ, რომ განაკვეთები კიდევ გაიზრდება, რისი მთავარი მიზეზი, ეკონომიკაში გაზრდილი რისკებია “, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები