"ბორჯომმა" საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში რამდენიმე ძირითადი მფლობელი გამოიცვალა. 1995 წელს კომპანიის პრივატიზების შემდეგ მისი დამფუძნებელი პარტნიორი ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე იყო, ამ პერიოდში "ბორჯომი" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ ბიზნესად იქცა. 2000-იანი წლების დასაწყისში აქტივის მართვაში ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაფუძნებული Salford Capital Partners-ი შევიდა. 2002 წელს დაფუძნდა კომპანია IDS Borjomi International-ი. სწორედ ამ დროს მოხდა მმართველობით დონეზე "ბორჯომისა" და უკრაინული წყლის ჩამომსხმელი კომპანიების კონსოლიდაცია.
2006 წელს კომპანიამ ბაზარზე ახალი ბრენდები - "ლიკანი", "მიტარბი" და "ბაკურიანი" წარადგინა. ამავე წელს, მინერალური წყლების მწარმოებლის მთავარი ბაზარი - რუსეთი დაიხურა.
2008 წლის 12 თებერვალს მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში გარდაიცვალა. ამ პერიოდისთვის IDS Borjomi International-ის 100%-იანი წილი მის საკუთრებას წარმოადგენდა. თუმცა, ამის მიუხედავად 2008 წელს, ბორის ბერეზოვსკისა და პატარკაციშვილის მემკვიდრეებს შორის Salford-ის აქტივებზე, სასამართლო დავა დაიწყო, რომელიც 2012 წლის სექტემბერში მორიგებით დასრულდა. ბერეზოვსკიმ სადაო აქტივები, მათ შორის, IDS Borjomi ოფიციალურად, პატარკაციშვილის ოჯახს დაუთმო.
პარალელურად, პატარკაციშვილების ოჯახის ფინანსური მრჩევლები ოჯახისთვის ლიკვიდური აქტივების მოძიების გამო, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სხვადასხვა ინვესტორთან, რომლებიც Borjomi-ს შესყიდვით იყვნენ დაინტერესებული. ინგლისისა და უელსის სასამართლოს მიერ 2022 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაში აღნიშნული პერიოდის მოვლენები დეტალურად არის აღწერილი. მისი მიხედვით, Borjomi-ის ყიდვას ყველაზე სერიოზულად ორი ფინანსური ჯგუფი - მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-ი და ვლადიმირ ევტუშენკოვის AFK Sistema განიხილავდნენ.
2012 წლის დეკემბერში Alfa Group-სა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდა. Alfa თანახმა იყო შეეძინა IDS Borjomi International-ის 60%-იანი წილი $460 მილიონ დოლარად, პარალელურად, ოჯახი კომპანიაში 40%-იან წილს შეინარჩუნებდა. გარიგების უშუალო ორგანიზებაში ირაკლი რუხაძეც იყო ჩართული, რომელიც ამ პერიოდში ბორჯომის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა.
აღნიშნულ პერიოდში პატარკაციშვილების ოჯახი მათი აქტივების აღდგენა/მოძიების პროცესის საწყის ეტაპზე იყო. ლონდონის სასამართლოს მიერ 2018 და 2022 წლებში მიღებულ გადაწყვეტილებებში აღწერილია, რომ ოჯახი ლიკვიდური აქტივების დეფიციტს განიცდიდა, სწორედ ამით იყო განპირობებული ბორჯომის საკონტროლო პაკეტის გაყიდვა.
2013 წელს კომპანია უკვე ახალი მესაკუთრით შეხვდა, ამ ფონზე, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, "ბორჯომი" მისთვის უმსხვილეს - რუსულ ბაზარზე ბრუნდება.
IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს.
საერთაშორისო სანქციები Alfa Group-ის მფლობელის, მიხაილ ფრიდმანის წინააღმდეგ:
Alfa Group-ის დამფუძნებელი, მიხაილ ფრიდმანი აშშ-მა, ბრიტანეთმა და EU-მ სანქცირებულ ოლიგართა სიაში უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე შეიყვანეს.
29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ IDS Borjomi საქართველოში მინერალური წყლების წარმოებას აჩერებს. BMG-ის კომპანიაში განუცხადეს, რომ მათ საბანკო ანგარიშებზე წვდომა 15 მარტს შეუჩერდათ, რის გამოც კაპიტალზე წვდომა და ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ.
“აიდიეს ბორჯომი საქართველო” მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ აქვეყნებს. Reportal-ისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს $119.7 მილიონი შეადგინა, ზარალი კი $64.3 მილიონი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ $140.17 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება $17.3 მილიონი იყო. ქვეყნების მიხედვით, მისი 2020 წლის შემოსავალი ასე ნაწილდება:
● რუსეთის ფედერაცია - $41.9 მილიონი;
● უკრაინა - $18 მილიონი;
● ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა - $14.3 მილიონი;
● ყაზახეთი - $13 მილიონი;
● საქართველო - $11 მილიონი;
● ბელარუსი - $6.4 მილიონი;
● უზბეკეთი - $2.2 მილიონი;
● აზერბაიჯანი - $1.3 მილიონი;
● სხვა ქვეყნები - $11.2 მილიონი.
თავად "ბორჯომში" აცხადებენ, რომ წარმოებას განაახლებენ მაშინვე, როგორც კი მათ საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგებათ.
2022 წლის თებერვალში ეკონომიკის სამინისტროს მინერალური რესურსების სააგენტომ აიდიეს ბორჯომის მფლობელს IDS Borjomi Beverages Co-ს წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია მისცა. კომპანია ვალდებულია სამი ჭაბურღილიდან წელიწადში 365,000 კუბური მეტრი წყალი მოიპოვოს.
კომპანია ასევე ფლობს 2009 და 2020 წლებში შეძენილ 25 და 15-წლიან ლიცენზიებს სხვადასხვა ჭაბურღილიდან მტკნარი და მინერალური წყლების მოპოვებაზე. ამ ლიცენზიებში კომპანიამ ჯამში $20 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.



























