მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ ღირს საქართველოში რიგი სასურსათო პროდუქტები EU-ზე ძვირი?

სუპერმარკეტი იფნლაცია სურსათი

რატომ არის ევროკავშირის არაერთი ქვეყნის სუპერმარკეტში საკვები უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში? ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საგადასახადო პოლიტიკაა.

სურსათზე ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში განურჩევლად იმისა პროდუქცია ადგილობრივი წარმოებისაა თუ იმპორტირებულია, მოქმედებს დღგ-ის საშეღავათო პოლიტიკა, მაშინ როდესაც საქართველოში სასურსათო პროდუქცია 18%-იანი დღგ-ით იბეგრება, ეს კი EU-ს ყველა ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია. მაგალითად, საქართველოში რძეზე დღგ საბოლოო ფასის 18%-ია, მაშინ როდესაც ესპანეთში ის 4%-ს შეადგენს, ხორცი დღგ საქართველოში 18%-ია, იტალიაში კი 4%, პურზე დღგ 18%-ს შეადგენს, საფრანგეთში კი 5.5%-ია. არსებული საგადასახადო პოლიტიკა კი ქმნის ისეთ ვითარებას, რომ სუპერმარკეტების დახლებზე კარაქი, ყველი, ხორცპროდუქტები, ტკბილეული, თუ სხვა დასახელების საქონელი მთელ რიგ შემთხვევებში იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე EU-ში.

მაგალითად, თუკი ქართულ ქსელურ სუპერმარკეტში 200 გრამი კარაქის ღირებულებაა 8 ლარი, აქედან 18% ანუ 1.44 ლარი მხოლოდ დღგ-ზე მოდის. ანუ პროდუქტის ფასი ამ გადასახადის გარეშე 6.56 ლარია. შედარებისთვის საფრანგეთში კარაქზე, ისევე როგორც სხვა ძირითად სასურსათო პროდუქტებზე დღგ 5.5%-ია. შედეგად, იგივე თვითღირებულების კარაქი საფრანგეთის სუპერმარკეტის დახლზე საქართველოსთან შედარებით 13.5%-ით უფრო იაფია.

დღგ არის გადასახადი, რომელზეც საქართველოს ბიუჯეტი ყველაზე მეტად არის დამოკიდებული. 2024 წელს დღგ-ის სახით ბიუჯეტში 9.3 მილიარდი ლარი შევიდა, აქედან 7.55 მილიარდი ლარი ცენტრალურ, 1.77 მილიარდი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში.

საქართველოში დღგ-ზე შეღავათები რამდენიმე სექტორში მოქმედებს, მათ შორის უმსხვილესია ჯანდაცვა, ფარმაცია, განათლება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი წარმოება. შესაბამისად, შეღავათი მოიცავს ყურძნის წარმოებას და არა მაგალითად ღვინის წარმოება რეალიზაციას. თუმცა ეს შეღავათი მოიცავს პროდუქციის მხოლოდ პირველად წარმოებას, მაგალითად ხორბლის მოყვანას და არა პურის წარმოებას, რაც საბოლოო მომხმარებლისთვის საგადასახადო შეღავათს არ წარმოადგენს. ისევე როგორც შეღავათი ვრცელდება ფერმერის მიერ რძის წარმოებაზე და არა ქარხნის მიერ გასაყიდად რძის პასტერიზება ბოთლებში ჩამოსხმაზე, ანუ ამ მხრივაც შეღავათი აქვთ ფერმერებს და არა საბოლოო მომხმარებლებს. ამასთან, სოფლის მეურნეობისთვის დღგ-ს შეღავათი მხოლოდ ადგილობრივ წარმოებას ეხება, მაშინ როდესაც ევროკავშირში მოქმედი საგადასახადო პრაქტიკით, სასურსათო პროდუქტებზე შეღავათი ვრცელდება როგორც ადგილობრივ, ასევე იმპორტულ საქონელზე. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ხორბლით დაწყებული, ხორცით, ზეთით და სხვა პროდუქციით გაგრძელებული საქართველო ძირითადად იმპორტირებულ საქონელზე არის დამოკიდებული. 2023 წელს სოფლის მეურნეობის დღგ-ისგან გათავისუფლების საგადასახადო შეღავათი, ბიუჯეტს 585 მილიონი ლარი დაუჯდა. იქიდან გამომდინარე, რომ სურსათზე შეღავათი გაცილებით უფრო ფართო იქნება, მისი სავარაუდო ღირებულება შესაძლოა 1 მილიარდ ლარსაც აღემატებოდეს.

ევროკავშირის ქვეყნებში დღგ-ის განაკვეთები 3 კატეგორიად იყოფა

  • სტანდარტული დღგ-ის განაკვეთი, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 17%-დან 27%-მდე;
  • შეღავათიანი დღგ-ის განაკვეთი, რომელიც ქვეყნების მიხედვით მერყეობს 5%-დან 15%-მდე.
  • სუპერ შეღავათიანი დღგ-ის განაკვეთი და ნულოვანი განაკვეთი.

ევროკავშირის თითქმის არცერთ ქვეყანა სასურსათო პროდუქტებს სრული დღგ-ის განაკვეთით არ ბეგრავს. კონკრეტული პროდუქციის მიხედვით კი საგადასახადო დონეები ასე ნაწილდება:

დღგ-ის განაკვეთი რძეზე ევროკავშირის ქვეყნებში:

ქვეყანა დღგ-ის განაკვეთი რძეზე სტანდარტული დღგ
საქართველო 18% 18%
ჩეხეთი 15% 21%
ფინეთი 14% 24%
შვედეთი 12% 25%
ავსტრია 10% 20%
ნიდერლანდები 9% 21%
გერმანია 7% 19%
ბელგია 6% 21%
პორტუგალია 6% 23%
საფრანგეთი 6% 20%
პოლონეთი 5% 23%
უნგრეთი 5% 27%
იტალია 4% 22%
ესპანეთი 4% 21%

დღგ-ის განაკვეთი ხორცზე ევროკავშირის ქვეყნებში:

ქვეყანა დღგ-ის განაკვეთი ხორცზე სტანდარტული დღგ
საქართველო 18% 18%
ჩეხეთი 15% 21%
ფინეთი 14% 24%
პორუგვი 13% 21%
შვედეთი 12% 25%
ავსტრია 10% 20%
ნიდერლანდები 9% 21%
გერმანია 7% 19%
ბელგია 6% 21%
საფრანგეთი 5.50% 20%
პოლონეთი 5% 23%
უნგრეთი 5% 27%
იტალია 4% 22%
ესპანეთი 4% 21%

დღგ-ის განაკვეთი პურზე ევროკავშირის ქვეყნებში

ქვეყანა დღგ-ის განაკვეთი პურზე სტანდარტული დღგ
საქართველო 18% 18%
ჩეხეთი 15% 21%
ფინეთი 14% 24%
შვედეთი 12% 25%
ავსტრია 10% 20%
ნიდერლანდები 9% 21%
გერმანია 7% 19%
ბელგია 6% 21%
საფრანგეთი 5.50% 20%
პოლონეთი 5% 23%
უნგრეთი 5% 27%
იტალია 4% 22%
ესპანეთი 4% 21%

დღგ-ის განაკვეთი კვერცხზე EU-ს ქვეყნებში:

ქვეყანა დღგ-ის განაკვეთი კვერცხზე სტანდარტილი დღგ
საქართველო 18% 18%
ჩეხეთი 15% 21%
ფინეთი 14% 24%
შვედეთი 12% 25%
ავსტრია 10% 20%
ნიდერლანდები 9% 21%
გერმანია 7% 19%
ბელგია 6% 21%
პორტუგალიја 6% 23%
საფრანგეთი 5.50% 20%
პოლონეთი 5% 23%
უნგრეთი 5% 27%
იტალია 4% 22%
ესპანეთი 4% 21%

დღგ-ის საშეღავათო პოლიტიკა სურსათზე EU-ს ქვეყნების მიხედვით:

გერმანია

  • სტანდარტული დღგ-ს განაკვეთი: 19%
  • შეღავათიანი დღგ-ს განაკვეთი: 7%
    • ვრცელდება: ძირითად საკვებ პროდუქტებზე (პური, რძე, ბოსტნეული).

საფრანგეთი

  • სტანდარტული დღგ-ს განაკვეთი: 20%
  • შეღავათიანი დღგ-ს განაკვეთები:
    • 5.5%: ვრცელდება ძირითად საკვებ პროდუქტებზე (ახალი და მინიმალურად გადამუშავებული საკვები).

იტალია

  • სტანდარტული დღგ-ს განაკვეთი: 22%
  • შეღავათიანი დღგ-ს განაკვეთები:
    • 4%: ვრცელდება ძირითად საკვებ პროდუქტებზე (პური, რძე, ბოსტნეული).
    • 10%: ვრცელდება არაძირითადი საკვები პროდუქტებისა და სტუმარმასპინძლობის სერვისებზე.

ესპანეთი

  • სტანდარტული დღგ-ს განაკვეთი: 21%
  • შეღავათიანი დღგ-ს განაკვეთი: 10%
    • ვრცელდება: ძირითად საკვებ პროდუქტებზე (ახალი და გადამუშავებული).
  • სუპერ-შეღავათიანი განაკვეთი: 4%
    • ვრცელდება: ძირითად საჭიროებებზე (პური, რძე, ყველი, კვერცხი).

ნიდერლანდები

  • სტანდარტული დღგ-ს განაკვეთი: 21%
  • შეღავათიანი დღგ-ს განაკვეთი: 9%
    • ვრცელდება: ძირითად საკვებ პროდუქტებზე (სასურსათო პროდუქტები, უალკოჰოლო სასმელები).
    • გამონაკლისები: ზოგიერთი ძვირად ღირებული ან არაძირითადი პროდუქტი.

შვედეთი

  • სტანდარტული დღგ-ს განაკვეთი: 25%
  • შეღავათიანი დღგ-ს განაკვეთები:
    • 12%: ვრცელდება საკვებ პროდუქტებზე (სასურსათო პროდუქტები, სასმელები).
    • 6%: ვრცელდება სპეციალურ პროდუქტებზე და სერვისებზე.

ბელგია

  • სტანდარტული დღგ-ს განაკვეთი: 21%
  • შეღავათიანი დღგ-ს განაკვეთი: 6%
    • ვრცელდება: ძირითად საკვებ პროდუქტებზე (ახალი პროდუქტი, პური, რძე).

პოლონეთი

  • სტანდარტული დღგ-ს განაკვეთი: 23%
  • შეღავათიანი დღგ-ს განაკვეთები:
    • 8%: ვრცელდება ძირითად საკვებ პროდუქტებზე (ახალი და მინიმალურად გადამუშავებული).
    • 5%: ვრცელდება სპეციფიკურ საჭიროებებზე (რძის პროდუქტები, ბავშვის საკვები).



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები