მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გვეჩვენება ინფლაცია უფრო მაღალი, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკაა? - ირაკლი მაკალათიას ანალიზი

ირაკლი მაკალათია
15.09.25 11:40
266

ავტორი: ირაკლი მაკალათია

2025 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა, რაც ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დგას (3.0%) და საგანგაშო მაჩვენებლად არ შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა უარყოფითი ტენდენცია იმაში მდგომარეობს, რომ 2025 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ყოველთვე ინფლაციის მაჩვენებლები იმატებს, განსაკუთრებით კი, ეს სურსათის ჯგუფს ეხება. როგორც წესი, მოსახლეობა ინფლაციას უფრო მაღალ პროცენტად აღიქვამს, ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკით არის მოცემული. ეს შეიძლება შემდეგი მიზეზებით ავხსნათ:

  1. 2025 წლის 4.6%-იანი ინფლაცია ნიშნავს, რომ სამომხმარებლო კალათაში შემავალ 305 დასახელების საქონელსა და მომსახურებაზე, ფასები საშუალოდ 4.6%-ით გაიზარდა და არა კონკრეტულად ერთ პროდუქტზე (მაგალითად პურზე), თუ სტრუქტურულად ჩავყვებით ვნახავთ, რომ ჯგუფების მიხედვით ინფლაცია განსხვავებულია. კიდევ უფრო მეტ განსხვავებას გვაძლევს ინდივიდუალური პროდუქტების ფასების ცვლილებები, ამიტომაც პერსონალური ინფლაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ინფლაციის ზოგად მაჩვენებელზე. როგორც წესი, სასურსათო კალათას უფრო მაღალი ინფლაცია ახასიათებს ვიდრე ინფლაციის ზოგად მაჩვენებელს, ასევე რაც უფრო დაბალ შემოსავლიანია მოქალაქე, ის უფრო მეტად აღიქვამს და განიცდის ფასების ზრდას, მით უმეტეს, რომ იმ პირველადი მოხმარების პროდუქტებს, რასაც შეიძენს, ფასების ზრდის ბევრად მაღალი ტენდენცია ახასიათებს.
  2. მეორე მიზეზი ეს შეიძლება იყოს შერჩევითი დაკვირვების შედეგი, ვინაიდან სამომხმარებლო კალათაში შემავალი ყველაზე მეტად მოხმარებადი პროდუქტების ფასების აღება ხდება 6 ქალაქის ძირითადი ბაზრებიდან. ამიტომ, შეიძლება მოქალაქე საერთოდ სხვა ქალაქში, სხვა ბაზარზე თუ სხვა ბრენდის პროდუქტს შეიძენდეს, ვიდრე ამას საქსტატი ახორციელებს.
  3. მოსახლეობა არ ადარებს მხოლოდ ერთი წლის ინფლაციის მაჩვენებელს, ის რამდენიმე წლიანი გამოცდილებით საუბრობს და გრძელვადიან დინამიკაში აკეთებს შედარებას, ამიტომაც ინფლაციის მაჩვენებლების განხილვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთ წლიან ჭრილში, არამედ გრძელვადიან დინამიკაში.

საინტერესოა, განვიხილოთ ინფლაციის მაჩვენებლები გრძელვადიან დინამიკაში, სადაც, ერთ შემთხვევაში საბაზისო წლად აღებული გვაქვს 2020 წელი, ხოლო მეორე შემთხვევაში - 2015 წელი. შედეგად გვაქვს შემდეგი სურათი, თუ 2025 წლის აგვისტოში წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა 4.6% შეადგინა, 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით ეს მაჩვენებელი 33.3%, ხოლო 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასების საერთო დონე 61.3%-ით გაიზარდა.

2025 აგვისტო - 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით

2025 აგვისტო - 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით

2025 აგვისტო - 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით

ინფლაციის დონე

4.6%

33.3%

61.3%

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი

10.0%

51.3%

96.8%

ჯანდაცვის ჯგუფი

9.3%

14.8%

48.5%

საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე ფულადი შემოსავლები შეადგენდა 561 ლარს, ხოლო 2015 წელს - 269.7 ლარს. ნომინალური შემოსავლები გაიზარდა 291.3 ლარით (ორჯერ გაიზარდა), თუმცა აქ გასათვალისწინებელია თუ როგორ შეიცვალა ლარის მსყიდველუნარიანობა და რა გავლენა მოახდინა ინფლაციამ შემოსავლებზე. 2024 წელს 2015 წელთან შედარებით ინფლაციამ 54.8% შეადგინა, ამიტომ 2024 წლის რეალური შემოსავალი (ინფლაციის გარეშე) 2015 წლის მუდმივ ფასებში გადაყვანით იქნება 362.4 ლარი. აქედან გამომდინარე, 2024 წელს 2015 წელთან შედარებით ერთ მოსახლეზე ნომინალური შემოსავალი 291.3 ლარით გაიზარდა, ხოლო რეალური შემოსავალი მხოლოდ 71.1 ლარით. შესაბამისად, დინამიკაში როგორც ნომინალური ისე რეალური შემოსავლები იზრდება, თუმცა მაღალი ინფლაციის გავლენით, რეალური შემოსავლების ზრდა მკვეთრად ჩამორჩება ნომინალური მაჩვენებლის ზრდას. აქედან გამომდინარე, ვერც ნომინალური შემოსავლების ზრდა მიყვება მოსახლეობის მოთხოვნილებებს და არც 561 ლარია საკმარისი მაჩვენებელი.

რაც შეეხება ცალკეული პროდუქტების ფასების ცვლილებას, წარმოგიდგენთ შემდეგი პროდუქტების მიმართ:

2025 აგვისტო - 2020 წლის აგვისტოსთან შედარებით

2025 აგვისტო - 2015 წლის აგვისტოსთან შედარებით

ბრინჯი

26.08%

97.50%

წიწიბურა

-34.18%

3.65%

ხორბლის პური

52.07%

84.38%

მაკარონი და მაკარონის ნაწარმი

29.24%

68.0%

ხორბლის ფქვილი

63.61%

171.2%

ძროხის ხორცი

35.61%

95.00%

ღორის ხორცი

17.40%

57.05%

ქათმის ხორცი

31.58%

41.51%

ქარხნული რძე

35.87%

78.51%

იმერული ყველი

51.51%

111.33%

სულგუნი

63.50%

63.50%

კვერცხი

53.66%

85.71%

კარაქი და სპრედი

46.06%

114.86%

მზესუმზირის ზეთი

42.82%

67.38%

ყურძენი

102.18%

60.13%

კომბოსტო

56.62%

138.72%

კიტრი

81.39%

95.60%

პომიდორი

25.77%

25.77%

კარტოფილი

46.30%

53.07%

შაქარი

54.42%

90.16%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები