იმ სექტორებს შორის, რომელთაც პანდემიის შემდეგ დიდი ზრდა დააფიქსირეს, ძვირად ღირებული შვეიცარიული საათების ინდუსტრია ერთ-ერთი ლიდერი იყო. პანდემიის დროს შემოღებული ლოკდაუნების გამო მსოფლიოში, ფაქტობრივად, ყველაფრის წარმოება შეჩერდა, ხოლო მიწოდების ჯაჭვები ჩამოიშალა, რამაც სხვადასხვა ბაზრებზე მიწოდება შეამცირა, ხოლო ძვირად ღირებული ჩანთები, საათები და სამკაული, ანუ ის საქონელი, რომელიც ისედაც ლიმიტირებული რაოდენობით გამოდის, კიდევ უფრო ლიმიტირებული და, შესაბამისად, მოთხოვნადი გახდა და მკვეთრად გაძვირდა.
ამ ტენდენციით ყველაზე მეტად იმ კომპანიებმა იხეირეს, რომლებიც ფუფუნების საგნებს აწარმოებენ. 2020-2022 წლებში, LVMH-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 62%-ით იმატა, Hermes-ის აქციები კი 114%-ით გაძვირდა. შვეიცარიულმა Richemont-მა, რომელიც Cartier-ის, IWC-ის, Jaeger-LeCoultre-ის, Vacheron Constantin-ისა და Piaget-ს ბრენდებს ფლობს, ამ პერიოდში, 62%-იანი ზრდა დააფიქსირა. თუმცა საათების ინდუსტრიის სიჯანსაღის შეფასებისას, ექსპერტები, როგორც წესი, საბაზრო კაპიტალიზაციას არ იყენებენ, რადგან საათების წამყვანი ბრენდები, უმეტესწილად, კერძო საკუთრებას წარმოადგენენ, ანუ პირდაპირი გზით ამ კომპანიების აქციების ყიდვა შეუძლებელია.
ჟამთაღწერის ინდუსტრიის შემთხვევაში, საათების ფასების ინდექსი გაცილებით საინტერესო და მრავლისმთქმელ პარამეტრად გვევლინება და ამიტომაცაა, რომ ბაზარზე ერთბაშად რამდენიმე ასეთი ბარომეტრი არსებობს. შვეიცარიის საათების ინდუსტრიის ფედერაციის დათვლებით, 2022 წელს ქვეყანამ საათების ექსპორტით $24.8 მილიარდის შემოსავალი მიიღო, ანუ 11.4%-ით მეტი, ვიდრე ერთი წლით ადრე. იმ დროს, მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, უმეტესწილად, ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ჩინეთზე, ხოლო ბრენდების კუთხით Rolex-ზე, Patek Philippe-ზე და Audemars Piguet-ზე მოდიოდა, რამაც მკვეთრად შეამცირა მიწოდება და მკვეთრად გაზარდა ფასები, როგორც საცალო, ასევე მეორად ბაზარზე.
თუმცა ასეთი მდგომარეობა ბაზარზე დიდხანს არ შენარჩუნებულა და პანდემიის შემდეგ, საათების ფასების ინდექსები მკვეთრად შემცირდა. Bloomberg-ისა და Subdial-ის ინდექსი, რომელიც ორმოცდაათ ყველაზე ხშირად გაყიდულ მეორად საათს აერთიანებს, ბოლო ორ წელიწადში 26%-ით შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ძვირად ღირებული საათების ფასმა იკლო. ასეთივე შედეგი დაფიქსირდა WatchCharts-ის ინდექსში, რომელიც ათი წამყვანი ბრენდის 60 ყველაზე პოპულარულ მოდელს აერთიანებს - ამ ინდექსმა 18%-იანი კლება დააფიქსირა. გაცილებით მკვეთრ, კერძოდ 25%-იან კლებას აჩვენებს მეორადი საათების მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიის, Chrono24-ის ინდექსი.
ფასების კლებასთან ერთად, შვეიცარიიდან საათების ექსპორტიც შემცირდა. მიმდინარე წლის სექტემბერში, ძვირად ღირებული საათების ექსპორტმა 12.4%-ით იკლო და $2.2 მილიარდი შეადგინა. ამ მხრივ, ძვირად ღირებული საათების ინდუსტრია იმავე ტენდენციას იმეორებს, რასაც ფუფუნების საგნების ინდუსტრიის სხვა სექტორი, რადგან ექსპორტის კლების უდიდესი ნაწილი - ჩინეთზე და ჰონკონგზე მოდის. ჩინეთი სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში და ზრდა, რომელიც ჩინეთმა ბოლო წლებში დააფიქსირა, საშუალო ფენაზე მოდის, რომელიც იმდენად გამდიდრდა, რომ გარკვეული ინდუსტრიები ჩამოიკიდა და ფუფუნების საგნების სექტორი, ერთ-ერთი მათგანია.
მაღალი მოდის და ძვირად ღირებული საათების ბრენდები ჩინეთში განსაკუთრებულად უყვართ, რის გამოც, ამ ტიპის კომპანიებს განსაკუთრებულად უყვართ ჩინეთი, მაგრამ ეს სინერგია მანამ მუშაობს, სანამ ჩინელებს Rolex-ის და Patek Philippe-ის საათების, ბირკინის ჩანთების ან Burberry-ის ქურთუკების საყიდლად საკმარისი ფული აქვთ. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში ფული ისედაც ძვირდება, რასაც თან ქვეყანაში გაღვივებული უძრავი ქონების კრიზისი და ინფლაცია ემატება. ასეთ დროს, გამდიდრებული ჩინელების ფულის დიდი ნაწილი სხვა მიმართულებით იხარჯება, რაც მაღალი ფუფუნების საგნების მწარმოებელი ბრენდების შემოსავალზე უარყოფითად აისახება.