მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი ბრენდები ლიდერობენ მექანიკური საათების ბაზარზე?

საათები

მექანიკური საათი ხელოვნებისა და ტექნიკური ოსტატობის გამორჩეული სინთეზია, რომელიც XXI საუკუნეში დროის ჩვენების გარდა, სხვა, გაცილებით უფრო საპასუხისმგებლო მისიასაც ასრულებს. პრესტიჟული ბრენდების მიერ წარმოებულ მექანიკურ საათებს მფლობელების ქონებრივი შესაძლებლობის დემონსტრირება და მათი სოციალური სტატუსის ხაზგასმაც მარტივად შეუძლიათ.

მექანიკური საათის ფასს არა მისი საწარმოო მასალების ხარისხი, არამედ იმ კომპანიის სახელწოდება განსაზღვრავს, რომელიც ციფერბლატზე სიამაყითაა ამოტვიფრული. Patek Philippe, Rolex და AP - ეს ის ბრენდებია, რომელთა შემოქმედებაც ბაზარზე ძვირად ფასობს და ხშირად თითოეული ეგზემპლარის ღირებულება 100,000 დოლარსაც აჭარბებს.

მექანიკური საათების გლობალური ინდუსტრიის ცენტრი შვეიცარიაა, სწორედ მთაგორიან ალპებში, გარე სამყაროსაგან სრულ იზოლაციასა და სიმყუდროვეში გამოცდილი ოსტატები და არტისტები დაუღალავად ცდილობენ მეტალების მინიატიურული დეტალებისგან მექანიკური სრულყოფილების შექმნას, რომელმაც თავად დროის დაუნდობელ მსვლელობასაც უნდა გაუძლოს.

თითოეული ეგზემპლარი 500-მდე მცირე დეტალისგან, მოძრავი ნაწილისა და ჭანჭიკისგან შედგება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 3,000-საც აღწევს. საათის ყოველი მილიმეტრი ხელით უნდა იქნეს დამუშავებული, გაფორმებული და შემოწმებული. მეტალის წრთობის ხელოვნება ფრიად სკრუპულოზური საქმიანობაა, რომელზედაც პასუხისმგებლობას მხოლოდ ყველაზე გამოცდილი, ნიჭიერი და მაღალანაზღაურებადი ოსტატები იღებენ.

მექანიკური საათის ფასს რეალურად მისი შემოქმედი ოსტატის ტანჯვა და შრომა განსაზღვრავს. ამ ხელობას არ სწამს ტექნოლოგიური პროგრესის, აქ მანქანა-დანადგარების გამოყენება უმძიმეს ცოდვადაა მიჩნეული, რომელიც ოსტატმა თავის ქმნილებას არ უნდა აკადროს.

პრემიუმ ბრენდების მიერ თითოეული ეგზემპლარის დამზადებას 200-მდე საათი სჭირდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი რამდენიმე თვესაც აღწევს. თავისი არსით, მექანიკური საათის შექმნა ყველაზე მეტად ისეთი ექსკლუზიური ავტომობილების წარმოებას ჰგავს, როგორიც Pagani-ია. ხშირ შემთხვევაში სწორედ ასეთი ავტომობილების მფლობელების მაჯებზე ვხვდებით შვეიცარიული ინჟინერიის შედევრებსაც.

პრაქტიკული თვალსაზრისით, მექანიკურ საათებს ელექტრონულ თუ სმარტ საათებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არ აქვთ. Apple Watch-ი გაცილებით უფრო ზუსტი, მრავალფუნქციური და პრაქტიკულია, ვიდრე საუკეთესო შვეიცარიული საათიც კი, მიუხედავად ამისა, აქ პრაქტიკულობა იმდენად არარელევანტურია, როგორ Tesla Model 3-ის Pagani Zonda-სთან შედარება.

ტექნოლოგიური პროგრესისა და სმარტ საათების პოპულარიზაციის მიუხედავად, მექანიკურ საათებზე მოთხოვნა თითქმის ყოველწლიურად იზრდება. ციფრულ ეპოქაში სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ისეთი ნივთის ფლობა, რომელიც ენერგიის წყაროდ არა უბრალოდ ბატარეას, არამედ მომართული ზამბარებისა და ასამდე ხრახნისა თუ კბილანას კომპლექსურ ინტერაქციას იყენებს.

მექანიკური საათების ბაზრის 30%-იან წილს Rolex-ი აკონტროლებს, რომელიც პრემიუმ საათების მწარმოებელი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ბრენდია. გასულ წელს Rolex-მა 1 მილიონ 240,000 ერთეული საათი გაყიდა, შემოსავალმა კი 10 მილიარდ 700 მილიონი დოლარი შეადგინა. Rolex-ის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი Oyster-ია, რომლის ფასიც 6,000-დან 12,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ფლაგმანურ მოდელებს, მაგალითად, Dayton-ს ფასი 30,000-დან 80,000 დოლარის ფარგლებშია. აღსანიშნავია, რომ Rolex-ის ჯგუფში ასევე შედის Tudor-ის ბრენდი, რომელიც ფაქტობრივად ანალოგიურ პროდუქტს ყიდის, უბრალოდ უფრო ხელმისაწვდომი ბრენდის ქვეშ.

ბაზრის 8%-იანი წილით მეორე ადგილზეა Cartier, რომელმაც გასულ წელს 660,000 ერთეული საათი გაყიდა, შემოსავალმა კი 3.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. საშუალოდ Cariter-ს საათები 10,000 დოლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საბაზრო ღირებულება 50,000 დოლარსაც აჭარბებს.

პრემიუმ სეგმენტში შემოსავლებით მე-3 ადგილზეა Omega, რომელმაც გასულ წერს 570,000 ერთეული გაყიდა და 3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. Omega-ს საათები საშუალოდ 8,000 დოლარად ივაჭრება.

გასულ წელს მეოთხე ადგილი „დიდებული სამეულის“ წარმომადგენელმა, Audemars Piguet-მა დაიკავა, რომელმაც სულ რაღაც 51,000 ერთეული საათი გაყიდა, თუმცა 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო. AP-ის ფლაგმანი Royal Oak-ია, რომელიც ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო და ყველაზე მოთხოვნად მაჯის საათად მიიჩნევა. საბაზო მოდელის ფასი 30,000 დოლარიდან იწყება, თუმცა გამორჩეული მოდიფიციკაცეიბის შემთხვევაში ფასიც დრამატულად იზრდება, მაგალითად, ტურბილონით აღჭურვილი Royal Oak-ის ფასი საშუალოდ 300,000 დოლარს შეადგენს, Open Worked Grand Complication-ის ფასი 1 მილიონ 400,000 დოლარს აღწევს, რომელიც თავისი სირთულითა და კომპლექსურობით თამამად შეიძლება ჩაითვალოს შვეიცარიული ინჟინერიის მწვერვალად.

გასული წლის შედეგებით მეხუთე ადგილი საათების ინდუსტრიის ტიტანმა, Patek Philippe-მა დაიკავა, რომელიც ისტორიით, რეპუტაციითა და მიღწევებით ყველაზე ავტორიტეტული და გავლენიანი კომპანიაა. საათების ინდუსტრიაში დაფიქსირებული თითქმის ყველა რეკორდი სწორედ Patek-ს ეკუთვნის. აუქციონზე ყველაზე ძვირად გაყიდული საათიც Patek Philippe Grandmaster Chime-ია, რომლის ფასმაც 31 მილიონი დოლარი შეადგინა. 1839 წელს დაფუძნებული კომპანია დღემდე ყველაზე მაღალი ხარისხის საათების მწარმოებლად ითვლება, Patek-ის შემოქმედებით კი თავს მსოფლიოს ლიდერები და პლანეტის უმდიდრესი ადამიანები იწონებენ. 2023 წელს კომპანიამ 70,000 ერთეული საათი გაყიდა და 2.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ფასები საშუალოდ 30,000-დან 500,000 დოლარამდე მერყეობს.

შვეიცარიული კომპანიების საერთო გაყიდვების 50% სწორედ ზემოხსენებულ ხუთეულზე მოდის, თუმცა შვეიცარიულ ათეულში ასევე ვხედავთ შემდეგ ბრენდებს: Richard Mille, Longines, Vacheron Constantin, Breitling, Tissot. საერთო ჯამში, ზემოხსენებული 10 კომპანია ბაზრის 70%-ზე მეტს აკონტროლებს.

აღსანიშნავია, რომ მექანიკური საათების ინდუსტრია მხოლოდ შვეიცარიას არ მოიცავს, იაპონური Grand Seiko ხარისხითა და ფასით Rolex-ის ღირსეული კონკურენტია, გერმანულ A. Lange & Söhne-ს კი გვირგვინის წართმევა თავად Patek Philippe-ისთვის სურს.

გლობალურ ბაზარზე არსებული ტენდენცია იმას ცხადყოფს, რომ მექანიკური საათების ეპოქა დასასრულისგან ძალიან შორს არის, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ხელნაკეთი ქმნილებების აღზევება სწორედ ახლა იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები