Bloomberg-ის ინფორმაციით, ძვირად ღირებულ შვეიცარიულ საათებზე მოთხოვნა ეცემა. პანდემიის დროს, სამი წლის განმავლობაში, ინდუსტრია ფუფუნების საგნების მომხმარებლებისთვის ინტერესის წყაროს ნამდვილად წარმოადგენდა - კარანტინში მოხვედრილი მდიდარი ადამიანების ლეგენდარული მექანიკური საათების: Audemars Piguet-ი, Rolex-ი და სხვა - ფლობის სურვილმა, 2022 წელს შვეიცარიის საათების ექსპორტის მოცულობა რეკორდულ 25 მილიარდ ფრანკამდე გაზარდა, რაც, დაახლოებით 28.5 მილიარდი აშშ დოლარია.
თუმცა ახლა, რამდენიმე გარემო ფაქტორმა, იქნება ეს მაღალი რეფინანსირების განაკვეთი თუ მერყევი ეკონომიკური ზრდა, ფუფუნების ბრენდებზე მოთხოვნა შეამცირა. გარდა მაკროეკონომიკური ფაქტორებისა, მოთხოვნის შემცირების მიზეზი პროდუქციაზე მკვეთრად გაზრდილი ფასები და ჭარბი მიწოდებაა - ყველაფერი ერთად კი ერთ დროს ფულის მფლანგველ სეგმენტზე გარკვეულ გავლენას ახდენს.
“ის რაც 2021-22 წლებში ვნახეთ, ნორმას არ შეეფერებოდა. ვერც კი ვიაზრებდით, ჩვენს ცხოვრებაში ისეთი გამოცდილების დრო დადგა და მჯერა, რომ მსგავს რაღაცას ვეღარასდროს ვიხილავთ” - ამბობს ფანსუას-ჰენრი ბენამაისი, Audemars Piguet-ის აღმასრულებელი დირექტორი. Piguet-ის საათების საშუალო ფასი 50 000 ფრანკს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა არა მხოლოდ ძვირად ღირებულ საათებზე, არამედ სხვა ფუფუნების ბრენდებსა და ნივთებზე - მთლიანად ინდუსტრიაში - მცირდება. ინფლაციისა და რეცესიის გამო Louis Vuitton-მა, Gucci-მ და სხვა ბრენდებმა გაყიდვების მაჩვენებლებში ვარდნა დააფიქსირეს.
ძვირად ღირებულ საათებზე მოთხოვნის კლებას ადასტურებს Cartier-ის მფლობელი კომპანია Richemont-ის ანგარიში, რომელიც აჩვენებს, რომ 2023 წლის პირველ 6 თვეში საათების გაყიდვები 3%-ით შემცირდა.
ფასები ეცემა მეორეულ საათებზეც. Bloomberg-ის მეორადი საათების ინდექსის თანახმად, მათი საშუალო ღირებულება 2022 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, 42%-ით შემცირდა. ინდექსი ყველაზე ხშირად გაცვლადი საათების 50 მოდელის ფასებს აკვირდება.