მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ იკლო ქართული ღვინის ექსპორტმა? - ლევან მუხუზლას განმარტება

მუხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც წელს ქართული ღვინის ექსპორტის კლება განაპირობა. როგორც მუხუზლა BMG-ის კითხვის საპასუხოდ ამბობს, ეს გასულ წელს რუსეთში არანორმალურად გაზრდილ ექსპორტს უკავშირდება, რაც აქციზის ზრდაზე ინფორმაციის დაანონსებას მოჰყვა. მისივე თქმით, სააგენტო მუშაობს დივერსიფიკაციის მიმართულებით, რაც ასევე ახდენს ბაზარზე გავლენას.

საქმე ისაა, რომ 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ადგილობრივი წარმოების ღვინის გაყიდვით მიღებული შემოსავალი 43.2%-ით 71 მილიონ 908 ათას დოლარამდე შეუმცირდა. ეს ქართული ღვინის უმსხვილეს სარეალიზაციო ბაზარზე - რუსეთში სასმლის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. იანვარ-აპრილში 56.2%-მდე შემცირებულია მთლიან ექსპორტში რუსეთში ღვინის გაყიდვების წილიც, მაშინ როდესაც გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის საერთო მოცულობაში რუსეთში გაყიდვებს 78.6%-იანი წილი ეკავა.

"ჩვენ მაგისთვისაც ვიღწვით, რომ ქართული ღვინო მეტად იყოს გავრცელებული გლობალურ ბაზარზე და შესაბამისად, ნაკლებად დამოკიდებული ერთ რომელიმე კონკრეტულ ბაზარზე. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ რუსეთის წილი მცირდება. ის, რაც იყო შარშან, იყო სუბიექტური მიზეზებით გამოწვეული იმიტომ, რომ რუსეთში დაანონსდა აქციზის მატება ღვინოზე, რამაც გამოიწვია წლის პირველ ნახევარში არანორმალურად, დამარაგების მიზნით ღვინის გადაზიდვა, ამან ბაზარზე გარკვეული კორექტივები შეიტანა. იმის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც წელს მკვეთრად კლებულობს ექსპორტი რუსეთის მიმართულებით, არის ის, რომ წინა წელს არანორმალურად ბევრი გადაიზიდა. პლუს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ უფრო მეტი ღვინო გადაიზიდოს სხვა ქვეყნების მიმართულებით",- ამბობს ლევან მუხუზლა.

რაც შეეხება მარკეტინგულ აქტივობებს, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა რამდენიმე სტრატეგიული მიმართულება გამოყო:

"შერჩეული გვაქვს ყველა ის ქვეყანა, სადაც უკვე არის ღვინის კულტურა, ღვინო ყოველდღიურობის პროდუქტია ან პოტენციურად ძალიან საინტერესოა მეღვინეობის კუთხით. დავიწყებ აღმოსავლეთიდან, ესაა: სამხრეთ კორეა, იაპონია, ჩინეთი. პანდემიის ვარდნის შემდეგ, წელს ჩინეთის მიმართულებით საგრძნობი მატება გვაქვს და ვფიქრობ, ესეც შეიტანს თავის წვლილს დივერსიფიცირებაში. ევროკავშირის მიმართულებით ვმუშაობთ პოლონეთზე, გერმანიაზე და ასევე დიდ ბრიტანეთზე. წლის მეორე ნახევარში გერმანიაში გვაქვს დაგეგმილი ძალიან საინტერესო, სწორედ გაყიდვებზე ორიენტირებული ღონისძიებები, რომლებიც სპეციალიზებულ ალკოჰოლური სასმელების ქსელებში გაიმართება. ასევე, უნდა ვახსენო აშშ, რომელიც ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ბაზარია. წლის პირველ ნახევარში შედარებით სიფრთხილეა ამ ბაზარზე, მათ შორის ტარიფების დაანონსების გამო, თუმცა ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ ბაზრის მიმართულებით. აქცენტი გვაქვს სოციალურ და სარეკლამო კამპანიებზე. თუ საბოლოოდ ეს ტარიფები დაანონსებული მაჩვენებლებით დადასტურდა, ვფიქრობ, საშუალოვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინისთვის, შესაძლოა, უკეთესიც აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე ნაკლებ სატარიფო ზონაში ვართ და ბევრად მაღალია ტარიფები ევროპული ღვინისთვის",- განაცხადა მუხუზლამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები