გერმანული საავტომობილო გიგანტის, Mercedes-Benz-ის შემოსავლები და მოგების მაჩვენებლები მკვეთრად ეცემა. 2024 წლის განმავლობაში კომპანიის მოგების მარჟამ 8.1% შეადგინა, რაც 4.5 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამქიმიან ვარსკვლავს ინვესტორებისთვის უფრო ნაკლები სარგებელი მოაქვს, ვიდრე ამას ადრე ახერხებდა.
Mercedes-Benz-ის ტრაგედია მხოლოდ 2024 წლის შედეგებით არ სრულდება, კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, 2025 წელი უარესი იქნება და მოგების მარჟა 6-8%-მდე დაეცემა.
თუკი აშშ-ის მთავრობა ევროკავშირის წინააღმდეგ საიმპორტო ტარიფებს მართლაც გაზრდის, მაშინ Mercedes-Benz-ში მოგების უფრო დრამატულად შემცირებას მოელიან, რადგან პრემიუმ-კლასის ავტომობილების ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებია.
საერთო ჯამში, 2024 წელს გერმანულმა კონგლომერატმა 146 მილიარდი ევროს შემოსავალი და €10.4 მილიარდის მოგება მიიღო, რაც არასახარბიელო შედეგია.
შემოსავლისა და მოგების გაუარესებასთან ერთად, 3%-ითაა შემცირებული წლის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების რაოდენობა, რომელიც 1.98 მილიონ ერთეულს შეადგენს.
ეკონომიკური სირთულეების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბაზარზე — ჩინეთში, მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. კონკრეტულად, ქვეყანაში გაყიდვები 7%-ით შემცირდა, რაც ადგილობრივი მწარმოებლების გააქტიურებით არის განპირობებული.
აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz-ის გაყიდვები ელექტრომობილების კატეგორიაში განსაკუთრებით მკვეთრად, 23%-ით შემცირდა და ჯამში 185,100 ერთეული შეადგინა. ეს მაჩვენებელი იმდენად ცუდია, რომ, შესაძლოა, კომპანიას ევროკავშირის მხრიდან ჯარიმები დაეკისროს, რადგან წლის განმავლობაში წარმოებული ავტომობილების საერთო რაოდენობაში EV-ების წილ სულ რაღაც 9%-ია.
ბოლო პერიოდის განმავლობაში Mercedes-Benz-ის წარუმატებლობა სწორედ ელექტრონული EQ-სერიის ჩავარდნასთან და იმასთანაა დაკავშირებული, რომ ჩინური და ამერიკული კომპანიები სწრაფი ტემპით ვითარდებიან, მათთან კონკურენციის გაწევა კი გერმანულ პრემიუმ ბრენდებს უჭირთ, რადგან კონკურენტებთან შედარებით ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია და ამიტომ მომხმარებლებს პრესტიჟული ბრენდის გამო ორმაგის გადახდა აღარ სურთ.
როგორც Mercedes-Benz-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, 2026 წლიდან EQ-სერიის ექსპერიმენტი დასრულდება და კომპანია ერთიან, კლასიკურ დიზაინზე გადაერთვება, რაც იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, ახალი თაობის S-Class-ის შეძენას მომხმარებლები როგორც ელექტრონული, ასევე ჰიბრიდული სისტემით შეძლებენ, თუმცა მოდელებს შორის ვიზუალური სხვაობა აღარ იქნება, როგორც ეს ახლა არის და რის გამოც EQ-სერიის შედეგები იმედგამაცრუებელია.