ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის სანდრო ურუშაძის შეფასებით, საქართველოში შობადობის შემცირებას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ეკონომიკური და სოციალურიც.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, სადაც გამოეხმაურა პრემიერ ირაკლი კობახიძის მიერ ამ თემაზე დღეს, "იმედის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, "შობადობის კლებას სოციალური მიზეზი არ აქვს, მთავარი მიზეზი არის იდეოლოგიური".
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ბოლო წლების სამთავრობო ინიციატივები - "დემოგრაფიული დახმარებები" და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა, მდგომარეობას ვერ შეცვლის.
"ახალგაზრდების მასობრივი ემიგრაცია - ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორი რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობის ქვეყნიდან გასვლაა.წამსვლელთა უმეტესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც უკეთეს ეკონომიკურ პირობებს ეძებენ ევროკავშირში, აშშ-სა თუ მეზობელ ქვეყნებში. პოტენციური მშობლების რაოდენობის შემცირება პირდაპირ აისახება შობადობის საერთო მაჩვენებელზე.
ეკონომიკური სირთულეები და სიღარიბე - მიუხედავად მაკროეკონომიკური ზრდისა, ბევრი ოჯახისთვის ყოველდღიურობა კვლავ რთულია.ცხოვრების ხარჯები: უმუშევრობა და დაბალი ხელფასები ბავშვის გაზრდას დიდ ფინანსურ ტვირთად აქცევს. 2023 წლის მონაცემებით, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში 18% იყო. ოჯახები ხშირად არჩევანს ერთ შვილზე აკეთებენ, რათა მას ელემენტარული საჭიროებები, საკვები და განათლება მაინც უზრუნველყონ.
დაგვიანებული ქორწინება - ახალგაზრდები პრიორიტეტს განათლებასა და კარიერულ სტაბილურობას ანიჭებენ. პირველი შვილის გაჩენის საშუალო ასაკი საქართველოში უკვე 30 წელს მიუახლოვდა.
საცხოვრებელი ფართის პრობლემა - დიდ ქალაქებში უძრავი ქონების ფასების ზრდა ართულებს ახალგაზრდა წყვილებისთვის საკუთარი ბინის შეძენას. ბევრი სხვა მიზეზის ჩამოთვლაც შეიძლება.
გამოსავალი ეკონომიკური რეფორმები და დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა, საიდანაც ხალხი კი არ გაიქცევა, არამედ უკვე წასულს დაბრუნების და აქ ღირსეული ცხოვრების იმედი გაუჩნდება", - აცხადებს სანდრო ურუშაძე.
ქვეყნები შობადობის ყველაზე მაღალი/დაბალი მაჩვენებლით - TOP 10




























