ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, უმაღლესი განათლების ექსპერტი ქეთი ცოტნიაშვილი განმარტავს, რომ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის (EQAR) მიერ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის სტატუსის შეჩერება ქართული დიპლომების არაღიარებას არ ნიშნავს, მაგრამ პროცესს გაართულებს.
„ჩემს კოლეგა დიანა ლეჟავას დავესესხები - ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის EQAR-ის და ENQA-ს წევრობა ვიზალიბერალიზაციას ჰგავს. ევროპაში უვიზო რეჟიმამდეც დავდიოდით, მაგრამ ამისთვის გავდიოდით ძალიან გრძელ პროცედურას. ქართული დიპლომების აღიარების საკითხიც ამ პროცესს ჰგავს - ავტომატური აღიარების ნაცვლად, რომლის პრივილეგიაც გვაქვს EQAR-ის და ENQA-ს წევრობის გამო, შესაძლოა, ახლა დიპლომების აღიარების პროცესი სილაბუსებიდან გადამოწმებამდე დავიდეს.
ამდენად, კიდევ ერთხელ განვმარტავ - არასწორია ინტერპრეტაცია, რომ EQAR-ის და ENQA-ს წევრობის შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს საქართველოში გაცემული დიპლომების არაღიარება. განათლების აღიარება ხდება ისეთ ქვეყნებს შორისაც, რომლებიც საერთოდ არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგრამ არის გარკვეული მექანიზმები, რომლითაც დარდება ერთმანეთს განათლების სისტემები, თუმცა EQAR-ის და ENQA-ს წევრობა თითქმის ნიშნავს მიღებული განათლების ავტომატურ აღიარებას“, - განაცხადა ქეთი ცოტნიაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.
ქეთი ცოტნიაშვილი უმაღლესი განათლების იმ ექსპერტებს შორისაა, რომელთაც პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია განათლების ხარისხის ცენტრისთვის EQAR-ის რეესტრში სტატუსის შეჩერების შესახებ, რაც მოგვიანებით თავად განათლების ხარისხის ცენტრმაც დაადასტურა, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ „EEQAR-ის გადაწყვეტილება დროებითია”.
"საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა EQAR-ის და ENQA-ს წევრობას კარგავს" - რას ნიშნავს ეს?
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ადასტურებს, რომ EQAR-მა რეგისტრაცია შეუჩერა
ექსპერტების ინფორმაციითვე, რომელთა ნაწილი განათლების ხარისხის ცენტრის ყოფილი თანამშრომლები არიან, ამბობენ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მისი შეფასება 2024 წლის აპრილში ხარისხის მართვის ევროპული ასოციაციის მიერ. ამ დროს ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა. კერძოდ, აღინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებაში პოლიტიკური გავლენის არსებობა, რომლის პირობებშიც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.
განათლების ექსპერტების ინფორმაციითვე, ევროპული ორგანიზაციების მხრიდან ოფიციალური გადაწყვეტილება წევრობის შეჩერებაზე უკვე მიღებულია, თუმცა ჯერ არ არის გამოქვეყნებული.
„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ განათლების ცენტრისთვის სტატუსის შეჩერება იყოს დროებით, თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ, როცა არც 2019 წლის რეკომენდაცია იქნა გათვალისწინებული, მეტიც, 2024 წლის აპრილის რეკომენდაციის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა ცენტრის პოლიტიკური ჩარევის და გავლენებისგან დამოუკიდებლობის საკითხი, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ იმედის მომცემია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ქეთი ცოტნიაშვილმა და იქვე დასძინა, რომ როდესაც განათლების ხარისხის ცენტრს EEQAR-ის გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაბარდება, ცენტრს სამი თვე აქვს გასაჩივრებისთვის, მაგრამ მოუწევს მყარი არგუმენტები წარადგინოს, რაც გაუჭირდება.
„წერტილთან“ ინტერვიუში ქეთი ცოტნიაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ განათლების ხარისხის ევროპული ორგანიზაციების წევრობა არის იმის გარანტი, რომ საქართველოში მიღებული განათლების ხარისხი სანდოა.
„შესაბამისად, ეს განაპირობებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის რეპუტაციის ამაღლებას და ასევე, მნიშვნელოვნად ამარტივებს ქართული დიპლომების აღიარების პროცესს“, - დასძინა უმაღლესი განათლების ექსპერტმა.