მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეიკრიბა დღეს სებ-ში ერთის ნაცვლად ორი კომიტეტი? - განმარტება

სებ

დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული, თუმცა როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული პრესრელიზიდან გახდა ცნობილი, ერთის ნაცვლად, ორის - ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა.

გაერთიანებულმა კომიტეტმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, მსუბუქდება საბანკო სექტორისთვის სარეზერვო მოთხოვნები. ბანკებს კონტრციკლური ბუფერის 1%-მდე შესავსებად რამდენიმე წლიანი ვადა განესაზღვრათ, უცხოური ვალუტის მოკლევადიან სახსრებზე კი, სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25%-დან 20%-მდე შემცირდა.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში განმარტა, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული გაერთიანებული კომიტეტების სხდომის ჩატარება.

„ეს კომიტეტები სხვადასხვა მიზნებს ემსახურება. ერთის მიზანია ფინანსური სტაბილურობა, მეორის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებით ფასების სტაბილურობა.

ამ კონკრეტული გადაწყვეტილებისას განიხილებოდა როგორც მაკროპრუდენციული ინსტრუმენტები - კონტრციკლური ბუფერი, ასევე სარეზერვო მოთხოვნების გადახედვა, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ერთობლივად განხილული ყოფილიყო ამ კომიტეტების შეხვედრაზე. სარეზერვო მოთხოვნები არის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი ფორმალურად, ამიტომ ამაზე გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს უნდა მიეღო. დაინიშნა გაერთიანებული სხდომა, რომ ერთად გვემსჯელა ამაზე, რადგან ამ ორივე ინსტრუმენტის მიზანი იყო დაახლოებით ერთი და იგივე“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

მისი თქმით, ორივე კომიტეტის შემადგენლობა მეტ ნაკლებად მსგავსია, თუმცა არიან პირები, რომლებიც ერთ კომიტეტში შედიან და მეორეში არა. „ძირითადად მასში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები, ამ ეტაპზე არის სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ასევე დეპარტამენტების უფროსები. 5-დან 10-მდეა ამ კომიტეტების შემადგენლობა“, - აცხადებს უტიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები