მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა ატმის ექსპორტი ექვს თვეში და რა მდგომარეობაა დღეს - განმარტება

62e7a1e37a52c
ვიქტორია მღებრიშვილი
01.08.22 13:54
842
საქართველოში ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი 6 თვის მონაცემებით შემცირდა. ამ პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე მხოლოდ 702 ტონა ატამი გავიდა, ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა კი 687 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2021 წლის ამავე პერიოდში ქვეყნიდან 3 მლნ დოლარის ღირებულების ატამი გაიყიდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი BM.GE-სთან ატმის ექსპორტის სტატისტიკური მაჩვენებლის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ 6 თვეში ექსპორტის ეს მაჩვენებლები მხოლოდ და მხოლოდ გაზაფხულზე ჭარბნალექიანობამ და მოსავლის გვიან დამწიფებამ განაპირობა. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ამ ფაქტორის გამო ქვეყნიდან აგროსასურსათო მოსავლის რეალიზების ფანჯარა 2 კვირის დაგვიანებით დაიწყო.

"მიმდინარე წელი ყველა კულტურაში ნაგვიანები წელია - ატამი იქნება ეს, მოცვი თუ ხორბალი, იმის გამო, რომ გაზაფხული ძალიან ცივი და წვიმიანი იყო, ყველა მოსავალმა დამწიფება გვიან დაიწყო. ეს ცუდია ორი ფაქტორის გამო. პირველი - ჩვენ რომ მოსავალი გვიან მოგვივიდა, ამან საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციის ფანჯარა დაავიწროვა, დაახლოებით, 2-კვირიანი პერიოდი წაგვართვა და იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ პროდუქტი სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე გავიტანეთ, საქონლის თანდათანობით შემოსვლა უკვე კონკურენტი ქვეყნებიდანაც დაიწყო. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ექსპორტის შემცირების საკითხები კომლექსურად უნდა განვიხილოთ.

გასულ წელს ატმის პირველი პარტიების გაგზავნა ექსპორტზე მაისში დავიწყეთ, მიმდინარე წელს მაისში ძალიან მცირე მოცულობის ექსპორტი განხორციელდა, ივნისშიც გავიტანეთ ატამი, თუმცა ივლისში დღევანდელი მონაცემებით, უკვე 17 ათასი ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით მცირე 5 000-ტონიანი ჩამორჩენა გვაქვს, თუმცა ღირებულების ნაწილში ჩამორჩენა მნიშვნელოვნად ნაკლებია“, - განმარტავს გიორგი ხანიშვილი.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს ატმის საექსპორტო ღირებულება 25%-ით გაიზარდა.

„ატმის ექსპორტის ღირებულებაში ჩამორჩენა მხოლოდ 6%-ია იმის გამო, რომ მიმდინარე წელს ექსპორტზე გასული პროდუქტის ფასი 25%-ით არის გაზრდილი. თუ გასულ წელს საექსპორტო ფასი (და არა ფერმერისგან შეძენის ღირებულება) 90 ცენტი იყო, მიმდინარე წელს 1.11 დოლარია. ფასების ზრდა როგორც წესი, მოთხოვნის გარკვეული ზრდა იწვევს.

მიმდინარე წელს ფერმერისგან ასაღები ფასი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რადგაn ქვეყნის შიგნით 50%-ით მეტი ატამია გაყიდული ვიდრე გასულ წელს. ადგილობრივ ბაზარზე 6 000 ტონაა გაყიდული. ესეც მოთხოვნიდან გამომდინარეობს, რადგან მიმდინარე წელი ტურისტულად უფრო აქტიურია, ვიდრე გასული წელი“, - ამბობს ხანიშვილი.

კითხვაზე - სარეალიზაციო ფანჯრის 2-კვირიანი შემცირების ფაქტორი იქონიებს თუ არა გავლენას ექსპორტის ჯამურ მაჩვენებლებზე და როგორი მოლოდინები აქვთ უწყებაში, გიორგი ხანიშვილი პასუხობს, რომ მათი ვარაუდით, მიმდინარე წლის მოსავალი ჯამურად გასულ წელზე ნაკლები არ იქნება.

„უბრალოდ, აქ საუბარია რა რაოდენობა გავა ექსპორტზე. ქვეყანაში ატმის ბაღები ჯამში 5-6 ათასი ჰექტარზეა გაშენებული. წელს სეტყვის გამო ატმის ხარისხი გაუარესდა. დაბალხარიასხიანი ატამი ქვეყნის შიგნით იყიდება, თუმცა საექსპორტო ბაზრებზე მაღალ ხარისხიანი ატამი და ვაშლატამა გადის. შესაბამისად, წელს ვვარაუდობთ, რომ გასული წლის ატმის ექსპორტის შედეგებს მინიმუმ გავიმეორებთ თუ არ გადააჭარბებს. ზოგადად, ცუდ მოსავალს არ ველოდებით“, - უთხრა BM.GE-ს მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ 50 სამაცივრე მეურნეობა ამ დროისთვის სრულად შევსებულია და ყოველდღიურად ქვეყნიდან ექსპორტზე 200-300 ტონა ატამი და ვაშლატამა გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები