მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შემცირდა ყურძნის მოსავალი რაჭაში? - მეღვინეობა „ჩინი“ განმარტებას აკეთებს

6179652a4dedd
ვიქტორია მღებრიშვილი
27.10.21 20:27
1063
რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 26 ოქტომბრის მონაცემებით 1 730-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. აქედან 1 674 ტონა ალექსანდროულ-მუჯურეთულია, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. როგორც BM.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, გასულ წელთან შედარებით ყურძნის მოსავალი ბუნებრივი ფაქტორების გავლენით შემცირებულია. რაჭაში "რთველი 2020"-ში მოკრეფილი ყურძნის რაოდენობა 2 400 ტონა იყო.

მეღვინეობა „ჩინის“ წარმომადგენელი დავით მაცაბერიძე მიმდინარე წელს მოსავლის კლების მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ წელს როგორც კახეთში, ასევე რაჭაში ყურძნის მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა.

„ყურძნის მოსავალი წელს დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული, რაც ძირითადად ბუნებრივი მიზეზებით არის განპირობებული. გაზაფხულის მიწურულს ყინვამ ვაზი დააზიანა, ამას დაემთხვა ხანგრძლივი წვიმიანი ამინდი, რამაც მოსავლის რაოდენობაზე იქონია გავლენა. ხარისხითაც უკეთესს მოსავალს ველოდით, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

წელს 1 კგ ყურძნის ფასი 7 ლარი იყო, აქედან სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სუბსიდიის პროგრამით, მეღვინეები გარკვეული მოცულობის ჩაბარების შემთხვევაში 3 ლარს იღებდნენ, შესაბამისად მეწარმეებისთვის 1 კგ ყურძნის ღირებულება 4 ლარი გამოდიოდა“, - განმარტავს დავით მაცაბერიძე.

ცნობისთვის: 2000-2001 წელს ამოქმედებული მეღვინეობა „ჩინი“ წლიურად 700 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. „ჩინის“ ღვინოების სარეალიზაციო ბაზარი მეტწილად უკრაინაა, თუმცა მეღვინეობა ღვინის ექსპორტს მცირე მოცულობებით იაპონიაში, აშშ-სა და პოლონეთშიც ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები