ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციების მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი შეამცირა.
საქმე ისაა, რომ 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით არარეზიდენტებს სულ 133 მილიონი ლარის ობლიგაციები ეკუთვნით, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ლარის სამთავრობო ობლიგაციებში არარეზიდენტებს 319 მილიონი ლარი ჰქონდათ დაბანდებული. შესაბამისად, ერთ წელიწადში აღნიშნული პორტფელი თითქმის 2.4-ჯერ შემცირდა.
როგორც კაკაურიძემ BMG-სთან განაცხადა, ინვესტორების გადაწყვეტილება დამოკიდებულია გლობალურ განაკვეთებზე და ასევე, გაცვლით კურსზე.
"აქ ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ერთი, როდესაც განაკვეთები გაზრდილია მსოფლიო ბაზარზე, რა თქმა უნდა ფედერალური სარეზერვო სისტემის ობლიგაცია იქნება ყოველთვის უფრო მიმზიდველი ვიდრე საქართველოსი, შესაბამისად ცდილობენ, რომ უფრო იქით გადაიტანონ თანხები ერთი მხრივ, და მეორეს მხრივ ჩვენ დოლართან მიმართებაში ნომინალური გაცვლითი კურსი და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გვაქვს გამყარებული და შესაბამისად, როდესაც გამყარებულია კურსი, ამ დროს ნაკლებად აქვთ ხოლმე ინტერესი უცხოელ ინვესტორებს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ, როგორც კი დავინახავთ, რომ დიდი წილი მაინც დამოკიდებულია Euribor-ისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთებზე, ამ შემთხვევაში, როგორც კი მათი შემცირება მოხდება და ამ დინამიკას უკვე ვხედავთ, ამის შემდეგ უკვე უფრო აქტიურები იქნებიან საქართველოს ფასიან ქაღალდებზე",- ამბობს მინისტრის მოადგილე.




























