ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამყვანი გამოცემის, The New York Times-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის მორალური ზიანის სანაცვლოდ $15 მილიარდის გადახდას მოითხოვს. პრეზიდენტი მედიას და მის ჟურნალისტებს რეპუტაციის დაზიანების მიზნით ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
საუბარია ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ არაერთ სტატიასა და წიგნთან, სახელად “იღბლიანი ლუზერი”, რომელზედაც NYT-ის 4-მა ჟურნალისტმა იმუშავა. როგორც ტრამპი აცხადებს, მის შესახებ დაწერილ ბიოგრაფიულ წიგნში ეპშტეინის სახელთან დაკავშირებით ყალბი ინფორმაციაა მოწოდებული და ეს როგორც თავად პრეზიდენტის, ისე მისი ბიზნესის რეპუტაციას აზიანებს.
აღსანიშნავია, რომ სარჩელის ფლორიდის სასამართლოში შეტანით დონალდ ტრამპმა შეასრულა ის მუქარა, რომელსაც პრეზიდენტი რამდენიმე თვის განმავლობაში აჟღერებდა NYT-ის მიმართ. ის მედიას ადრეც აფრთხილებდა, რომ თუ გამოცემა განზრახ დამახინჯებული ფაქტების ტირაჟირებას არ შეწყვეტდა, საქმეს სამართლებრივ სახეს მისცემდა.
ტრამპის გადაწყვეტილებას The New York Times-ში უკვე გამოეხმაურნენ და მას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი უწოდეს. მედიის წარმომადგენლების განცხადებით, წიგნისა და სტატიების გამოქვეყნებისას ჟურნალისტები პროფესიული ეთიკის სრული დაცვით მოქმედებდნენ და გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ყალბი ან დამახინჯებული არაფერი ყოფილა.




























