მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ უღალატა პუტინმა ბაშარ ალ-ასადს და რა ხდება სირიაში?

ასადი

დიდი ღალატი – ასე შეიძლება აღვწეროთ პუტინის და ასადის ურთიერთობის ტრაგიკული დასასრული. სირიის კონფლიქტი, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, უკვე ათწლეულზე მეტია, რაც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

ეს სამოქალაქო ომი არა მხოლოდ რეგიონული, არამედ გლობალური გეოპოლიტიკური ინტერესების გადაკვეთის წერტილია, რადგან კონფლიქტში ირიბად არის ჩართული რუსეთის ფედერაცია, რომელიც, ტრადიციულად, დიქტატურას უჭერს მხარს. ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მართავდა სირიას, ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რასაც, უმეტესწილად, მისი მთავარი მოკავშირის, რუსეთის პასიურობა განაპირობებს.

ამჯერად დეტალურად განვიხილავთ, თუ რატომ დაეცა ასადის რეჟიმი, როგორ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება სირიის მიმართ და რატომ უღალატა პუტინმა მის დიქტატორ მეგობარს?

სირიის კრიზისი ჯერ კიდევ 2011 წელს, არაბული გაზაფხულის ტალღის ფონზე დაიწყო. სირიის მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება, რომელიც დიქტატურას, კორუფციას და ეკონომიკურ უთანასწორობას ეყრდნობოდა. სამოქალაქო პროტესტი მალე სამოქალაქო ომში გადაიზარდა, სადაც ერთმანეთს შეეჯახნენ როგორც შიდა ოპოზიციური ძალები, ისე საერთაშორისო მოთამაშეები.

ალ-ასადის პოლიტიკური გუნდი რელიგიურ უმცირესობაზეა დაფუძნებული, რომელიც მოსახლეობის 10-15%-ს შეადგენს. ეს მას სუნიტი მუსლიმებისგან განცალკევებულ რეჟიმად აქცევს, რაც ქვეყნის შიგნით დაძაბულობის მთავარ მიზეზად ითვლება.

შიდა დაპირისპირების ფონზე, სირიაში მოქმედება დაიწყეს საერთაშორისო ძალებმაც. ამერიკა და დასავლური ქვეყნები მხარს უჭერდნენ ოპოზიციას; ირანი და რუსეთი კი – ასადის რეჟიმს. 2015 წლიდან რუსეთმა არაპირდაპირი მხარდაჭერიდან ღია სამხედრო ინტერვენციაზე გადაინაცვლა, რაც ქვეყანაში სამხედრო ბაზების მოწყობაში და შეიარაღებული ძალების განთავსებაში გამოიხატებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლიდან ასადის რეჟიმი პირდაპირ აღმოჩნდა გამოკიდებული რუსეთის სამხედრო დახმარებაზე, რადგან დიქტატორის მხარდაჭერა ეროვნულ დონეზე თითქმის ყველამ შეწყვიტა.

2015 წელს რუსეთის მიერ სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყება ასადის რეჟიმის გადარჩენისთვის გარდამტეხი მომენტი იყო. იმ დროს, ასადის მთავრობა კონტროლს კარგავდა სირიის უდიდეს ტერიტორიაზე. რუსულმა ავიაციამ და სარაკეტო იერიშებმა კი ოპოზიციურ ძალებს და სამხედრო დაჯგუფებებს უდიდესი ზიანი მიაყენა. შედეგად, ასადის არმიამ სტრატეგიული ქალაქები დაიბრუნა და დიქტატორმა ხელისუფლება მრავალი წლით კიდევ შეინარჩუნა.

მიუხედავად იმისა, რომ პუტინის და ასადის მეგობრული ურთიერთობა არსად გამქრალა, 2024 წელს რუსეთსა და სირიას შორის პარტნიორობის პირობები რადიკალურად შეიცვალა. მოსკოვმა ასადის რეჟიმის მხარდაჭერა ფაქტობრივად შეწყვიტა, დიდი მეგობრის გარეშე დარჩენილი დიქტატორი კი მიმდინარე თვეს ძალაუფლებას თვალისმომჭრელი ტემპით დაემშვიდობა.

პუტინის ღალატს ნამდვილად აქვს ობიექტური მიზეზები. პირველი ისაა, რომ რუსეთი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია, რაც უკრაინის წინააღმდეგ დაუსრულებელი ომისა და დასავლური სანქციების შედეგია. სირიის მხარდაჭერა, რომელიც უზარმაზარ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, რუსეთის აღარ შეუძლია, რადგან მისი ბიუჯეტი ისედაც მაქსიმალურ ლიმიტზე მუშაობს. როგორც ჩანს, მოსკოვში იანგარიშეს და დათვალეს, რომ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა რუსეთის მთავრობას ან გააკოტრებდა, ან ის იმდენად ძვირით დაჯდებოდა, რომ მისგან მიღებული სარგებელი უბრალოდ ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, რუსეთი დიდი ხანია, რაც საერთაშორისო იზოლაციაშია. სირიის კონფლიქტში ღრმა ჩარევამ კი, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს მისი მდგომარეობა. ბოლო დროის განმავლობაში, მოსკოვი ცდილობს, დიპლომატიური მანევრებით შეინარჩუნოს ახლო აღმოსავლეთში თავისი გავლენა და მოერიდოს სამხედრო რესურსების გამოყენებას, რათა არ გააღიზიანოს ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: თურქეთი და ისრაელი. მოგეხსენებათ, ბოლო დროს ისრაელი განსაკუთრებით ზეაგრესიულ აქტორად იქცა, რომელთან პირდაპირი დაპირისპირება არც რუსეთს მოუტანს სიკეთეს.

ამ ყველაფერთან ერთად, სირია დღეს ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზეა. ქვეყნის ინფრასტრუქტურა განადგურებულია, სიღარიბის დონე უმაღლეს ნიშნულზეა, საჯარო სექტორი კორუმპირებულია და 7 მილიონამდე ადამიანი ლტოლვილადაა ქცეული. ეს ყველაფერი ასადის ხელისუფლებას კიდევ უფრო სუსტ და დაუცველ მდგომარეობაში აყენებს, რადგან დიქტატურის შენარჩუნებას არა მარტო სამხედრო ძალა, არამედ ფულადი რესურსებიც სჭირდება, რომელიც მოსკოვში გასაფლანგი ნამდვილად არ აქვთ.

ამასთან, ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობაში დიდი ხანია, რაც ლეგიტიმაციის კრიზისს განიცდის. სირიაში ჩატარებული არჩევნების უკვე არავის სჯერა, საზოგადოების უკმაყოფილება კი ძალაუფლების შენარჩუნებას არამდგრადს ხდის.

სწორედ ამ მიზეზების გათვალისწინებით, მოსკოვმა გვერდზე გადგომის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ასადის რეჟიმის გარდაუვალი დამხობა მოჰყვა, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დასჭირდა. არადა, სირიელი დიქტატორი ძალაუფლებას თითქმის 24 წელი ინარჩუნებდა.

ზოგადად, რუსეთის ისტორია სავსეა ისეთი შემთხვევებით, როდესაც კრემლმა საკუთარი მოკავშირეები მიატოვა და დაღუპვისათვის გაწირა. მაგალითად: 1962 წელს საბჭოთა კავშირმა, ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით, კუბაში ბალისტიკური რაკეტები განალაგა. თუმცა, ამერიკის საპასუხო ქმედებებისა და კრიზისის გამწვავების შემდეგ, მოსკოვმა უარი თქვა კუბის სამთავრობო რეჟიმის უპირობო მხარდაჭერაზე და სამხედრო ბაზების შენარჩუნებაზე.

გარდა ამისა, 1968 წელს საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა ჩეხოსლოვაკიის სოციალისტურ ხელისუფლებას, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რეფორმების ტალღა დაიწყო, მოსკოვმა პოზიცია იცვალა და მოკავშირეები მიატოვა.

დიდი ფინანსური და სამხედრო ძალისხმევის მიუხედავად, მოსკოვმა ავღანეთიც მიატოვა, რომლის პოლიტიკურ ელიტასაც ბოლომდე ჰქონდა რუსეთის მხარდაჭერის იმედი.

ცოტა ხნის წინ, ღალატს ჰქონდა ადგილი ყარაბაღის ომშიც, როდესაც რუსეთმა სამხედრო დახმარება არ გაუწია სომხეთს, რომელიც მის სამხედრო ალიანსში იმყოფებოდა. ამ შემთხვევაში, რუსეთმა არა მარტო სიტყვიერი შეთანხმება დაარღვია, არამედ ალიანსის მთავარ ვალდებულებას და პრინციპს უღალატა, რის გამოც სომხეთმა პოლიტიკური ვექტორი იცვალა და რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი საბოლოოდ თქვა.

ახლა კი ისევ სირიას რომ დავუბრუნდეთ. ქვეყნის მომავალი, ამ ეტაპზე, ბუნდოვანი და გაურკვეველია, რადგან იქ არსებული ოპოზიცია, ტერორისტული ორგანიზაციები, აჯანყებულები და ინტერესთა ჯგუფები ერთმანეთთან სრულ წინააღმდეგობაში არიან, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სირიის სახით რეგიონში მორიგი არშემდგარი სახელმწიფო მივიღოთ, რომელსაც რამდენიმე დე ფაქტო ხელისუფალი ეყოლება და ქვეყნის რეგიონები მმართველების მიხედვით დანაწევრებული იქნება.

ამის მიუხედავად, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, რომ ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები თავშესაფარს რუსეთში მიიღებენ, რაც სირიელი დიქტატორისთვის დიდ ბედნიერებად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, როგორც წესი, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში რეჟიმის დამხობა მისი ბელადის მსხვერპლშეწირვით სრულდება, ბაშარ ალ-ასადი კი ჯერაც ცოცხალია, რაც ნამდვილი სასწაულია.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასადი მისი მეგობრისგან მეტს ვერაფერს მიიღებს, რადგან პუტინისთვის ასადი უკვე აღარაფერს წარმოადგენს, შესაბამისად, ის უსარგებლო ტვირთია, რომელიც ცოცხლად გადარჩენითაც კმაყოფილი უნდა იყოს.

თავად ღალატს რაც შეეხება, ეს გასაკვირი არავისთვის არ უნდა იყოს, რადგან მოსკოვი ახლა ისეა დასუსტებული, რომ მას სხვა ქვეყნების „დასალაგებლად“ და მარიონეტული დიქტატორების მხარდასაჭერად ნამდვილად არ სცალია, თანაც ისტორიას თუ გადავხედავთ, რუსეთი არც არასოდეს გამოირჩეოდა ერთგულებით და სანდო პარტნიორობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები