ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ევროკავშირის სამ მთავარ ღირებულებას გამოყოფს, რისთვისაც საქართველო ევროგაერთიანების წევრი უნდა გახდეს.
დღეს, როდესაც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ წერია, რომ დემოკრატიის ხარისხის „სერიოზულად გაუარესებულია“, ამასთან დოკუმენტი აღწერს ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე ზეწოლას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის ფაქტობრივ გაუქმებას და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შემთხვევების ზრდას, დიპლომატი BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ევროგაერთიანების 3 ძირითად ღირებულებას ასახელებს - არჩევანის თავისუფლება, სამართლის უზენაესობა (თავისუფალი სასამართლო) და თავისუფალი მედია. განმარტებას ზვიად ჭუმბურიძე საზოგადოების იმ ნაწილისთვის აკეთებს, ვისაც კითხულობს - რატომ გვინდა ევროკავშირი? ასეთებად კი ის, ძირითადად, მმართველი პარტიის მომხრეებს ასახელებს. მას სჯერა, რომ ამ ღირებულებების გათავისების გარეშე საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ წავა.
საქართველოს EU-ის კანდიდატის ქვეყნის მხოლოდ სახელწოდება შერჩა - ევროკომისიის ანგარიში
„საზოგადოებაში, ალბათ უფრო მმართველი პარტიის მომხრეებში, აზრთა სხვადასხვაობა კითხვაზე - რად გვინდა ევროპა და ევროკავშირი? იცით რატომ გვინდა ევროკავშირი? ახლა იმ მოქალაქეებს მივმართავ, ვისაც მგონია, რომ ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ - ძირძველ ევროპას სამი განსაკუთრებული ღირებულება აქვს: არ მინდა საზოგადოებას და ჩემს თავს მივაყენო შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ვიტყვი, პირველი ღირებულებაა ის, რომ შენი ხმა, არანაირი თანხის და არანაირი პროდუქტის სანაცვლოდ არ უნდა გაყიდო. ადამიანი თუ ხმას ყიდის, მალე სულსაც გაყიდის და მგონია, რომ ეს პროცესიც დაწყებულია. არჩევნების დროს შენი არჩევანი, შენი ხმა შენს სახელმწიფოს, ქვეყნის განვითარებას უნდა მოხმარდეს.
მეორე ღირებულება სასამართლოა, რომელიც არის დემოკრატიის, მე ვიტყოდი, ფუნდამენტური ღირებულება. დღეს ვხვდებით, რომ ჩვენ არა გვაქვს სასამართლო. ის მომავალში ისეთივე პრობლემური გახდება მმართველი პარტიისთვის, როგორც დღეს არის ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის და მათ შორის მოსამართლეებისთვის... ეს თუ დიდხანს გაგრძელდა, მათ ერთ დღესაც შეიძლება მოუწიოთ ისევ ამ სასამართლოში, რაღაც გაუგებარ ვითარებაში აღმოჩენა...
მესამე ღირებულება თავისუფალი მედიაა, რომელიც არ აქვს მნიშვნელობა როგორ და რა ინფორმაციას გადასცემს მოსახლეობას, თავისუფალი უნდა იყოს. მოსახლეობამ და მოქალაქემ თვითონ უნდა განსაზღვროს რომელი აზრი, სენტენცია მოსწონს და როგორ გააანალიზებს ამ ყველაფერს.
ამიტომ თუ ეს სამი ღირებულება ჩვენ და პირველ რიგში მმართველმა პარტიამ ბოლომდე მართლა არ შევითვისეთ და არ გავაცნობიერეთ, პირდაპირ გეტყვით, არაფერი არ გამოვა. გადავხედოთ ისტორიას
ეს არის სწორედ მსოფლიო ისტორია, მსოფლიო თანამეგობრობის ისტორია, მაჩვენებელია იმისა, თუ როგორ სრულდება დიქტატურები, რა ფინალი და როგორი გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს ამას. საქართველო არ არის მრავალრიცხოვანი ქვეყანა. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ადამიანების ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ჩვენ ხომ გავიარეთ ერთხელ 91 წელს, როდესაც არჩეული, ეროვნული ხელისუფლება რუსების მონაწილეობით დაემხო. ხომ ვნახეთ რა მძიმე სულიერი, ფიზიკური ტკივილები მოყვა ამ დაპირისპირებას - რატომ ვიმეორებთ შეცდომებს? არ მესმის... ყველა წაგებული ვართ. პირველ რიგში მმართველი პარტია და საზოგადოების ყველა წევრი - თქვენც, მეც, ჩვენი შვილები, შვილიშვილები - ყველანი წაგებულ მდგომარეობაში ვართ. მე როგორც დიპლომატს მენანება ის 33-წლიანი შრომა, რაც ჩვენ ერთი ხელის მოსმით წყალში ჩავყარეთ“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.




























