დიპლომატი, EUGBC-ის გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მომენტუმი, რომელიც მას უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გაუჩნდა, დაკარგა - ასე უპასუხა მან BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში დასმულ შესაბამისად კითხვას.
„კი, პირდაპირ გეუბნებით, დავკარგეთ“ - განაცხადა ჭუმბურიძემ. დიპლომატის შეფასებით, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში რბილად არის დაწერილი, თუმცა ის თვლის, რომ დასკვნითი ფრაზა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატად მხოლოდ ფორმალურად რჩება ყველაფერს ნათელს ჰფენს. "ქართველებმა ჩვენი ხელით გავაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი" - აცხადებს ზვიად ჭუმბურიძე. მას მიაჩნია, რომ საქართველო იზოლაციაში ექცევა და ქვეყანას ევროკავშირთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გამოსწორებისთვის, თუ ამის ნება იქნება მრავალი წელი დასჭირდება.
„ბოლო წლინახევრის მანძილზე, ევროკავშირის მხრიდან არაერთი განცხადება ყოფილა, მე ვიტყოდი არაერთი მცდელობა იმისა, რომ ეს ურთიერთობები როგორმე არ ჩაკარგულიყო და საქართველოსა და ევროპას შორის როგორმე წყვეტა არ ყოფილიყო. ჩემი აზრით, ორი დიდი პრობლემა გვაქვს: ერთი — საგარეო პოლიტიკური გამოწვევა; მეორე - საშინაო პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანას კარგს ნამდვილად არაფერს უქადის. თუ ამ ორივე განზომილებას რაღაც ერთ ჭრილში დავინახავთ, გეტყვით, რომ ამის გადალახვა და მორევა მარტო მმართველ პარტიას კი არა, ზოგადად შეიძლება ძლიერ ქვეყნებს გაუჭირდეთ. ვინაიდან ასეთ იზოლირებულ ვითარებაში მყოფი ქვეყანა, როდესაც შენ დაპირისპირებული ხარ, გაქვს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ უკვე გრძელვადიანად მაინც დაკარგულია და რუსეთის საოკუპაციო ჯარი აკონტროლებს, შენ ამ გამოწვევების ფონზე არაფერი გრჩება - არ გყავს სტრატეგიული არცერთი პარტნიორი, ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყანა, ნუ თუ გამოვაკლებთ სლოვაკეთსა და უნგრეთს, 25 ქვეყანა არის სწორედ შენი ამ შემთხვევაში გულშემატკივარი, რომ ეს გზა არ ჩაიკარგოს.
რაც ანგარიშში წერია, მე ვიტყოდი, რომ რბილი შეფასებებია. არ დაგიმალავთ და უფრო მძიმეს ველოდი, თუმცა ბოლო ნათქვამი, რომ ეს მხოლოდ ფორმალურად დარჩენილი ურთიერთობაა, ეს უკვე ყველაფერს ნიშნავს. [ხელისუფლებამ] პრაქტიკულად ყველაფერი გააკეთა ამისთვის...
ადრე ვფიქრობდი, რომ ურთიერთობების აღსადგენად შეიძლება ექვსი თვე დაგვჭირვებოდა, ახლა ამას შეიძლება წელიწადი, ორი წელიწადი და უფრო მეტი დასჭირდეს, იმიტომ, რომ როდესაც შენ პარტნიორების ნდობას კარგავ, ჩათვალეთ, რომ ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური, საგარეო პოლიტიკური მარცხი, კრახი.
აქ მხოლოდ ევროპელები ხომ არ არიან, აბსოლუტურად მკაფიო განაცხადი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა, რომელთანაც პრაქტიკულად სტრატეგიული პარტნიორობა გავაუქმეთ და თუნდაც რუბიოს მიმართ გაგზავნილი ორპარტიული წერილი, მოთხოვნა, რომელიც ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის სახელზე გაიგზავნა, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ამერიკა, ორპარტიული მიდგომით, პრაქტიკულად კიდევ ერთხელ გაფრთხილებს და გეუბნება: -ეცადე, რომ ის, რაც ჩვენ შევქმენით ბოლო 32 წლის მანძილზე. ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენიდან, ფაქტობრივად 93 წლიდან დაიწყო, ჩვენ არა მარტო კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ, არამედ ჩავჭერით და გავაჩერეთ“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.




























