ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ ფონზე, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. როგორც მან 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ახალი რეალობის გათვალისწინებით გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა და რკინიგზა აუცილებელია.
„რამდენიმე კვირის წინ მე დავაანონსე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება, სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. ფოთსა და ბათუმის პორტებში განსხვავებული ვითარებაა, არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, გარკვეული რეგულაციები შევიტანოთ ტარიფებთან მიმართებით თუ სხვა. ამიტომ იმ ფონზე, რომ მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამიტომ აუცილებელია გამართული პორტი, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ და განსაკუთრებულ ინვესტიციებს ჩავდებთ. დანარჩენ 49%-ზე გვინდა, რომ გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი, ბევრი კომპანია გამოხატავს ინტერესს და უახლოეს რამდენიმე თვეში გაირკვევა შესაბამისი შედეგიც.
რაც შეეხება რკინიგზას, ამ მიმართულებით, როგორც გითხარით, გვაქვს რეკორდული შემოსავლები და გადაზიდული ტვირთის რაოდენობა, მოცულობაც არის რეკორდული. რკინიგზის მოდერნიზაციის სწრაფად დასრულება გვჭირდება, აუცილებელია ის, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი და შესაფერისი იმ ტვირთთა ნაკადისთვის, რომელიც მოედინება, მოემართება ჩვენი კორიდორის მიმართ”, - აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერი ასევე აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2024 წელს დასრულდება.
“ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და 100 მილიონი დოლარი დამატებით გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 86% დასრულებულია.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის, რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ არამხოლოდ ენერგო ჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად, ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს შეუძლია და აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორი და ჰაბი”, - აცხადებს ღარიბაშვილი.
დღევანდელი ანგარიშის წარდგენისას ღარიბაშვილმა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ ეტაპზე IT ტექნოლოგიების ჰაბის შექმნა იგეგმება.
“ქუთაისი პარლამენტთან დაკავშირებით გვაქვს იდეა, რომ ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ მანდ განვითარდეს IT მიმართულება, შეიქმნას IT, ე.წ. ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელიც დასაქმდება და კიდევ უფრო მოახდენენ საკუთარი უნარების რეალიზებას.
ასევე ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. ამ მიზნით მე ვიმყოფებოდი ემირატებში, კატარში, საუდის არაბეთში. საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და უნიკალური შესაძლებლობები და პოტენციალი, რომ ძალიან საინტერესო ინვესტიციები მოვიზიდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.




























