ილონ მასკის განცხადებით, მან ერთი წლის წინ უარი თქვა უკრაინის თხოვნაზე, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი ყირიმის საპორტო ქალაქ სევასტოპოლში აემოქმედებინა, რათა უკრაინას რუსეთის ფლოტზე იერიში მიეტანა, რადგან “საომარი მოქმედებების გამწვავების შეეშინდა” - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მილიონერმა ბიზნესმენმა ამის შესახებ კომენტარი თავისივე სოციალური ქსელით, X-ით გაავრცელა, სადაც CNN-მა მასკის ახალი ბიოგრაფიიდან ის ნაწილი გამოაქვეყნა, რომელშიც იგი ყირიმის სანაპირო ზოლზე Starlink-ის გათიშვის გადაწყვეტილებაზე წერდა.
მასკს უკრაინის სათხოვარზე დეტალები არ გაუსაჯაროებია და არც დროის მონაკვეთი დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ უარის გარდა სხვა არჩევანი არ ჰქონდა.
“მათი აშკარა მიზანი რუსული ფლოტის ძირითადი ნაწილის ჩაძირვა იყო. ამ თხოვნაზე დათანხმებით, SpaceX-ი პირდაპირ იქნებოდა პასუხისმგებელი მწვავე საომარ მოქმედებებსა და კონფლიქტის ესკალაციაში”, - წერს ილონ მასკი.
აღსანიშნავია, რომ SpaceX კომპანია აშშ-ის საგარეო დახმარების სააგენტოსთან თანამშრომლობითა და კონფიდენციალური გადარიცხვებით, უკრაინისა და მისი არმიისთვის Starlink-ის ინტერნეტს ომის დაწყებიდანვე უზრუნველყოფს.