მშენებლობის ბუმისა და უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის კვალდაკვალ მოთხოვნა ავეჯზეც იზრდება. თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საქართველოში გაყიდულ ავეჯში დიდი წილი არა ადგილობრივ ნაწარმს, არამედ იმპორტირებულ პროდუქციას უკავია.
როგორც ავეჯის საწარმო "ჰომეტას" დამფუძნებელმა, ბარბარე მეხრიშვილმა BMGtv-ის გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრა, გასულ წელს ქვეყანაში 295 მილიონი ლარის ავეჯი გაიყიდა და ამ მაჩვენებელში ადგილობრივი ნაწარმის წილი მხოლოდ 27%-ია. კომპანია ხელმძღვანელის შეფასებით ეს მოცემულობა ცხადყოფს, რომ ადგილობრივ პროდუქციას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ პოტენციალის სწორად ათვისებისთვის ადგილობრივ წარმოებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე კონცენტრირება მნიშვნელოვანია.
"ადგილობრივი მწარმოებლების თვალსაზრისით მომხმარებელს სულ ორი ალტერნატივა აქვს. არიან ავეჯის მსხვილი მწარმოებელი კომპანიები, რომლებთანაც საკმაოდ რთულია სასურველი ფასის დადგენა და ამასთან, მათთან მომხმარებელს დიდხნიანი ლოდინი უწევს. მეორე ვარიანტი კი არის ხელოსნებთან დაკავშირება. საკმაოდ კარგი ხელოსნები გვყავს ბაზარზე, თუმცა უნდა გაუმართლოს ადამიანს, რომ კომპეტენტური, სანდო და პროფესიონალი ხელოსანი შეხვდეს, რომელიც ზუსტად იმ პროდუქციას მიაწოდებს, დამკვეთს რაც მას სურს", - ამბობს "ჰომეტას" დამფუძნებელი.
ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საუბრისას ბარბარე მეხრიშვილი აღნიშნავს, რომ დღეს ქვეყანაში წარმოების დეფიციტია.
"საწარმოო პროცესებზე ბევრი ამბობს უარს და ურჩევნიათ უფრო მარტივად იყიდონ და გაყიდონ პროდუქტი. წარმოება ნამდვილად ბევრ პრობლემასთან და კომპლექსურობასთან არის დაკავშირებული და ამიტომ ადამიანები მას თავს არიდებენ. წარმოების პროცესის გააქტიურებას სახელმწიფო ხელშეწყობაც დასჭირდება. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში უამრავი გრანტი და პროგრამაა, რაშიც შეიძლება ჩაერთო წარმოების მიმართულებით, მაგალითად "აწარმოე საქართველო"-სა და USAID-ის პროგრამები", - ამბობს "ჰომეტას" დამფუძნებელი.
"ჰომეტას" დამფუძნებლის თქმით, იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და ადგილობრივი წარმოების პროდუქციამ იმპორტირებულ ავეჯს რეალური კონკურენცია გაუწიოს, მნიშვნელოვანია არასტანდარტული ავეჯის წარმოება გაიზარდოს. მისი თქმით, ეს იმ ტიპის ავეჯია, რომელიც იმპორტირებული პროდუქციით მარტივად ჩანაცვლებადი არ არის.
"ვგულისხმობ მომხმარებლის ინდივიდუალურ შეკვეთას. შეიძლება მაგიდა ან სკამი იყოს იმპორტირებული, თუმცა კონკრეტული სპეციფიკის პროდუქციის, მაგალითად სამზარეულო, რომელსაც კონკრეტული ზომები სჭირდება და ინდივიდუალურ შერჩევას მოითხოვს, იმპორტირებული პროდუქციით ჩანაცვლება რთულია. ამიტომ, ადგილობრივ წარმოებებს აქვთ დიდი პოტენციალი ამ მხრივ, რომ მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქცია შესთავაზონ", - განაცხადა ავეჯის საწარმო "ჰომეტას" დამფუძნებელმა ბარბარე მეხრიშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის შვიდ თვეში საქართველოში 7.5 ათასი ტონა, 29.2 მილიონი დოლარის ავეჯის იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.