მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ ჩაერთო „ჰეშკილის ქოხები“ მთავრობის საკარანტინე პროგრამაში?

5f3a32b02ff8f
ინგა მურუსიძე
17.08.20 11:50
2488
გვაქვს მარტივი, მკაფიო, გასაგები კრიტერიუმები, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

როგორც ჩანს, სასტუმროების ნაწილი მთავრობის მიერ დაწესებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც, ისინი მთავრობის საკარანტინე პროგრამაში ვერ ჩაერთნენ. რა არის ეს სტანდარტები და რა ზარალს ნახულობენ მესტიაში მდებარე სასტუმროები, ამის შესახებ BM.GE „ჰეშკილის ქოხების“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, დავით ფილფანს ესაუბრა:

„ჩვენ ვერ ჩავერთეთ პროგრამაში, რადგან არსებობს მოთხოვნები, რომლებიც ვერ დავაკმაყოფილეთ. უნდა გქონოდა ლუქს-ნომრები, რომლებსაც ექნებოდა საკუთარი სველი წერტილები. ჩვენ ვართ ქოხები და საზიარო სველი წერტილები გვაქვს ეზოში, შესაბამისად, ეს პირობა ვერ დავაკმაყოფილეთ. ჩვენ გვყავდა 20-მდე სტუმარი და როგორც კი მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, ყველა მათგანი გადაანაწილეს საკარანტინე სივრცეებში, ზოგი წყალტუბოში, ზოგი თავად მესტიაში და ა.შ.“, - განაცხადა ფილფანმა.

მისივე თქმით, ჯავშნები გაუქმებულია მომდევნო 28 დღის განმავლობაში და მოქალაქეები თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ.

კითხვაზე, როგორია ამჟამად სასტუმროს ფინანსური მდგომარეობა, „ჰეშკილის ქოხების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ამბობს, რომ „საშინელი“.

„ამ ეტაპზე ფინანსურად საშინელი მდგომარეობაა, მაგრამ სიმართლე გითხრათ იმ მუშაობასაც არ ველოდით, რაც აქამდე გქვონდა. საკმაოდ დატვირთულად ვიმუშავეთ დაახლოებით ერთი თვე. ზარალი არ მიგვიღია, რადგან ზარალად იგულისხმება, როცა ბანკთან აქვს სასტუმროს ვალდებულება, ხოლო ჩვენს შემთხვევაში, ბანკის ვალი არ გვაქვს, ამიტომ მივიღეთ ფინანსების დაკლება. სექტემბრის თვიდან, საკმაოდ ბევრი გვირეკავს, ჯავშნები უნდათ. ჩვენ ჯერ ვერ ვიღებთ ჯავშნებს, თუმცა მოთხოვნა არის“, - განუცხადა bm.ge-ს დავით ფილფანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები