28 ნოემბერს, გერმანიაში ღვინის საერთაშორისო გამოფენა Raw Wine Berlin 2021 ჩატარდა, რომელშიც 20-მდე ქვეყნიდან მარნები მონაწილეობდნენ. მათ შორის 12 ქართული მცირე მარნის პროდუქციაც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა გამოფენამ, პრაქტიკულად, ქართული ღვინის გარეშე ჩაიარა, რადგან საქართველოდან რამდენიმე დღით ადრე გაგზავნილი ღვინის ბერლინში ჩატანა ვერ მოესწრო. გამოფენის მონაწილე ღვინის მარნის მფლობელებმა სოციალურ ქსელში და BM.GE-სთან გამოფენაზე ღვინის გარეშე წარდგენის შესახებ ისაუბრეს, რის შემდეგაც BM.GE-მ მიზეზების გასარკვევად ღვინის ეროვნულ სააგენტოს ჯერ კიდევ გუშინ მიმართა, თუმცა უწყებამ, ოფიციალური განცხადება დღეს გააკეთა. მასში ნათქვამია, რომ გამოფენაზე ქართული ღვინის წარდგენა, გერმანიაში ტრანსპორტირების შემდეგ, გერმანული მხარის მიერ დეტალური ინსპექტირებისა და უქმე დღეების გამო ვერ მოხერხდა, რაც გამოფენებზე ღვინოების წარდგენისას პირველი შემთხვევა იყო.
BM.GE ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადება საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ღვინის ეროვნული სააგენტო დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალთან „RAW WINE” დაკავშირებულ საკითხზე.
ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მასშტაბური ღონისძიებების ფარგლებში, ქართული ღვინის კომპანიებსა და მცირე მარნებს მრავალია წელია მხარს უჭერს და არაერთი მიმართულებით ეხმარება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებსა და დეგისტაციებში და შეძლონ მათ მიერ წარმოებული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, ნატურალური ღვინის მწარმოებლების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება მიიღო, ჩართულიყო ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალის „RAW WINE” რამდენიმე საორგანიზაციო საკითხში, რაც გულისხმობდა მათი მონაწილეობის თანადაფინანსებასა და ღვინის ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 11 მცირე მარნის მიერ წარმოებული 144 ბოთლი ღვინო, შესაბამისი დოკუმენტაციით, გადამზიდ კომპანიას ჩააბარა. პანდემიით შექმნილ ვითარებაში, საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, ზემოხსენებული ტვირთის საჰაერო საერთაშორისო გადაზიდვა განხორციელდა 2021 წლის 21 ნოემბერს, გრაფიკის შესაბამისად, ქოინის ავიახაზებით (Сoyne Airways).
გერმანიაში ტვირთი 24 ნოემბერს ჩავიდა; 26 ნოემბერს შემოწმდა ტვირთის ყველა საჭირო სერტიფიკატი და დადასტურდა, რომ დოკუმენტაცია წესების სრული დაცვით იყო მომზადებული, თუმცა გერმანულმა მხარემ, დამატებით, ტვირთის შემოწმება საჭიროდ ჩათვალა, რადგან აღნიშნული ღვინოები განკუთვნილი იყო, ე.წ. ნატურალური ღვინის ღონისძიებისთვის. ტვირთი დეტალური ინსპექტირებისთვის, გადატანილ იქნა წითელ ზონაში. ინსპექტირება შეფერხდა უქმე დღეების გამო; გამოფენის მონაწილე თითოეულ მწარმოებელს მყისიერად მიეწოდა ინფორმაცია შეფერხებული საბაჟო პროცედურების თაობაზე. სააგენტოს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, ტვირთი ჯერ კიდევ დაყოვნებულია ფრანკფურტის საბაჟო ტერმინალში. დამატებით განვმარტავთ, რომ გართულებული ეპიდემიური მდგომარეობის გამო, მსოფლიო მასშტაბით გამკაცრებულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარების რეგულაციები.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ, შექმნილი ვითრების მიუხედავად, მსგავსი ტექნიკური შეფერხების ფაქტი პირველად დაფიქსირდა, იმის გათვალისწინებით, რომ, 2021 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და ღონისძიებებზე 5 600 ბოთლამდე სადეგუსტაციო ღვინის გაგზავნა უზრუნველყო.
კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისა და მცირე მარნების მაქსიმალური ხელშეწყობა ფინანსური თუ საორგანიზაციო კუთხით. სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებული კომენტარები და შეფასებები მიმართულია ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის დისკრედიტაციისკენ, რასაც, სამწუხაროდ, საფუძვლად უდევს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვნებათაღელვა“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.