მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ მოახერხებს ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის დამყარებას ისე, როგორც ეს პუტინს გამოუვიდა რუსეთში? - კოკა თოფურია

კოკა თოფურია

რატომ ვერ მოახერხებს ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის დამყარებას ისე, როგორც ეს პუტინს გამოუვიდა რუსეთში - ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოკა თოფურია სოციალურ ქსელში.

პროფესორი 7 პუნქტს ასახელებს, რის გამოც, საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარება შეუძლებელია.

" 1) 2011-2012 წლებში რუსეთში მიმდინარე პროტესტები, თუმც კი მრავალრიცხოვანი იყო (ჩვენი მასშტაბით), სინამდვილეში არ ასახავდა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განწყობას. იმ ხანად, პუტინი რუსეთში პოპულარობის ზენიტში იყო . მას, რეალურად, მხარს უჭერდა მოსახლეობის 80%-ზე მეტი. იმ დროს, რუსეთის მიმართ სანქციები ჯერ არ იყო ამოქმედებული, პუტინთან მეგობრობდნენ აშშ-ისა და ევროპის ლიდერები, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა თავბრუდამხვევ ეკონომიკურ ზრდას... ამის საწინააღმდეგოდ, დღეს-დღეობით, ქართული ოცნების რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა და მისი რეალური მომხრეების წილი, მოსახლეობის 20-25%-ს არ სცილდება. მას წაგებული აქვს დედაქალაქი, ქვეყნის დიდი ქალაქები და ერის ინტელექტუალურ-კულტურული ელიტა;

2) დასავლეთი, განსაკუთრებით ამერიკა, რუსეთის მოსახლეობის უმეტესობისთვის, ოდითგანვე მტრად აღიქმებოდა (მთელი გასული საუკუნე, ხომ რუსეთის დასავლეთთან ხან ცხელი ხან ცივი დაპირისპირების ხანაა). ამის საპირისპიროდ, ქართველები არასდროს დასავლეთს არ განვიხილავდით მტრად. პირიქით, როგორც ჩვენი დამპყრობლის მტერი, ის ჩვენ ბუნებრივ მოკავშირედ და მშველელად გვეგულებოდა. შესაბამისად, თუ დასავლეთთან კონფრონტაციას და იქაური ლიდერების მიერ რუსეთის ხელისუფლების გმობას, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის პოპულარობა მოჰქონდა, ყოველივე ამას მომაკვდინებლად უარყოფითი გავლენა აქვს საქართველოს ხელისუფლების რეიტინგზე;

3) აშშ-ის, ევროპის და სხვადასხვა დონორების მიერ წლების განმავლობაში გაღებული დახმარება გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ბიუჯეტის ფონზე, ვიდრე ეს რუსეთში იყო. დასავლური გრანტებით მრავალი პროექტი ფინანსდება, უამრავ სხვადასხვა პროექტში ბევრი ადამიანია დასაქმებული... რუსეთის უზარმაზარ ბიუჯეტთან შედარებით, დასავლელი დონორების მიერ გაღებული დაფინანსება უმნიშვნელო იყო.

4) ჩვენ გაცილებით დამოკიდებულნი ვართ დასავლეთზე. რუსეთისგან განსხვავებით, რომელსაც ზომიდან გამომდინარე, ბევრად თვითკმარი ეკონომიკის ქონის ფუფუნება აქვს და სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის გარეშე დახმარებას არ საჭიროებს, ჩვენ სრულიად დამოკიდებულნი ვართ დასავლეთზე, როგორც ეკონომიკურად ისე სუვერენიტეტით;

5) საქართველო პატარა ქვეყანაა და შეუძლებელია ასობით ადამიანი მოკლა და დააპატიმრო, ისე, რომ მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ეს ვერც გაიგოს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძოს ცხოვრება;

6) ივანიშვილზე დასავლეთს ზეწოლის გაცილებით მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტ პუტინზე;და რაც ყველაზე მთავარია:

7) ივანიშვილს დააგვიანდა! ამასობაში ჩვენთან მოესწრო სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება და ის უკვე მრავალრიცხოვანია! მოგვესწრო დამოუკიდებლობაში გაჩენილი და აღზრდილი თაობა, რომლისთვისაც უცხოა საბჭოთა მოქალაქისთვის დამახასიათებელი კომფორმიზმი და უპრინციპობა. მომავალ თაობას იმდენი შეგნება და ღირსება აქვს, რომ მონურ მორჩილებაში ვეღარ გეყოლება!

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რუსული მეთოდებით საქართველოში ავტორიტარული რეჯიმი ვერ დამყარდება!ივანიშვილი განწირულია კრახისთვის!ჩვენ გავიმარჯვებთ!", - წერს თოფურია.

ხვალ, მმართველი პარტია "რუსული კანონის" განხილვას მესამე მოსმენით კომიტეტზე გეგმავს. ამ მომენტში კი, რუსთაველის გამზირი დემონსტრანტების მიერ უკვე გადაკეტილია. "გაათენე საქართველოსთვის" ამ ლოზუნგით მანიფესტანდები დღეს პარლამენტთან დარჩებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები