მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ვერ ხვდება თურქეთის „იაფი წამლები“ საქართველოში?

609d430586125
ელენე გოგბერაშვილი
14.05.21 00:00
4409
სიახლე არ არის, რომ საქართველოსთან შედარებით თურქეთში მედიკამენტები 2-3-ჯერ უფრო იაფი ღირს. ამას ძირითადად თურქეთის ბაზრის განსხვავებული რეგულირება განაპირობებს.

თურქეთმა შეიძლება ითქვას, აიძულა უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიები ადგილზე გაეხსნათ ქარხნები, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამასთან თურქეთი სოლიდურ თანხებს ხარჯავს ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა სხვადასხვა მექანიზმით აქვს გადაზღვეული.

თურქეთი არ არის იმ აღიარებული ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც საქართველოში მედიკამენტების იმპორტი ხორციელდება. რატომ? ეს კითხვა ხშირად ისმის...

საერთაშორისო ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტი ამბობს, რომ თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანა წამლებს ვერ გააიაფებს, რადგან ქვეყნის შიგნით წამლის ფასზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს.

„ხშირად გამიგია თურქეთში იაფია და თურქეთი რომ გავხსნათ, ჩვენთანაც იაფი იქნება, მაგრამ ეს წამალი იქნება იაფი საზღვარზე, ის ფასები და ფაქტორები, რაც ავხსენი, ყველა არის საზღვრის შემდეგ. ეს ვერ გაქრება და თურქულ მედიკამენტს, რომელიც დღესაც შემოდის, ისევე ედება ეს ფასი, როგორც ედება უცხოურს და ნებისმიერ სხვას, როგორც დაედება", - აღნიშნა მან.

რატომ არის თურქეთში იაფი?

"თურქეთში იაფი იმიტომ არის, რომ ერთი, ადგილობრივი წარმოებაა ძლიერი და დიდ პროცენტს ადგილზე აწარმოებენ, შესაბამისად ნაკლებად არიან ვალუტის პლუქტუაციაზე დამოკიდებულები. მეორე ის, რომ სახელმწიფოა ერთ-ერთი უმსხვილესი შემსყიდველი, იმიტომ რომ სახელმწიფო უფინანსებს ხალხს ბაზარზე წამლის მიმართ ხელმისაწვდომობას. ჩვენი ბაზარი არის დაახლოებით 1,5 მილიარდი ლარი და საქართველოს მთავრობა წამალში დაახლოებით 20-30 მილიონ ლარს ხარჯავს. 20-30 მილიონით შენ არანაირი ძლიერი მოთამაშე არ ხარ, რომ ბაზარზე გავლენა იქონიო. შენ რომ ხარჯავდე მაგალითად ნახევარ მილიარდს, ან 700 მილიონს, გაცილებით სხვა წესები დამკვიდრდებოდა.

სახელმწიფო თუ იტყვის, რომ მე შევისყიდი საუკეთესო წამალს ა, ბ, ც, დ დასახელების ამ ფასში, ტენდერის საფუძველზე, ან ამას ავანაზღაურებ მოსახლეობისთვის, უკვე ექიმი ვეღარ დაგინიშნავს სხვას, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს, რაშიც დიდ საკომისიოს იღებს, როცა შენ იცი, რომ უფასო წამალი გეკუთვნის.

მივდივართ ისევ სახელმწიფოს რეგულირებაზე, რომ ეს სფერო დატოვებულია ველური წესებისთვის. არ ხდება დამკვიდრებული წესებით თამაში“, -აცხადებს გოცაძე.

თურქეთიდან აღიარებითი რეჟიმით მედიკამენტების დაშვება იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რითაც აკაკი ზოიძის ხელმძღვანელობით ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტმა 6-თვიანი მოკვლევის შემდეგ, მთავრობის შესაბამის უწყებებს გაუგზავნა, რასაც ადგილობრივ ბაზარზე წამლებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა უნდა გაეზარდა.

„თურქეთსაც კომპეტენტური მარეგულირებელი ჰყავს, მაგრამ მაინც ფალსიფიცირებული პროდუქციის დამზადება და შემოტანის რისკი არსებობს, ასეთი რამ ადრე ხდებოდა, შესაბამისად აქ აუცილებელი იქნებოდა დამატებითი მექანიზმის შემოტანა, მაგალითად კონკრეტულ პარტიაზე თურქეთის მარეგულირებელთან ჩვენი წამლების მარეგულირებლის "ლაივ რეჟიმში" თანამშრომლობა და არა ისე, რომ წერილი გააგზავნო, რაც გაიწელება ორი თვე.

ჩვენ ხარისხის ლაბორატორია კი არ გვჭირდება, რამაც ახლა გაიჟღერა, არამედ გვქონდეს ხელმისაწვდომობა იმ ერთიან მონაცემთა ბაზებზე, რომელსაც იყენებს ევროპის წამლის სააგენტო, ევროპის წამლების ზედამხედველობის სააგენტო. ეს მოაგვარებდა ხარისხის და ფასის პრობლემას. არ ვიცი რატომ არ კეთდება ეს“, -აცხადებს აკაკი ზოიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები