ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების წლიური გეგმა შეფერხების გარეშე შესრულდება. მან ამის შესახებ bmg-სთან, 7 თვის ჩამორჩენაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საქმე ისაა, რომ წელს, მთავრობა უცხოეთიდან 600 მილიონის ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს ელის, 7 თვეში კი ₾74 მლნ მიიღო. როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, შესაბამისად, შესრულება წლიური გეგმის მიმართ 12.4%-ია, ხოლო 9 თვის გეგმის (300 მლნ ლარი) მიმართ - 24.7%.
კაკაურიძემ აღნიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის თუ მსოფლიო ბანკის ჩარიცხვები ისეთ დროს მოხდა, რომ 6 თვის მონაცემებში ასახვა ვერ მოესწრო.
"დღევანდელი მდგომარეობით, ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებში დაახლოებით 435 მილიონია უკვე და რაც დაგეგმილია შესრულდება. ცხრა თვის [შესრულება] იქნება მაღალი. ვფიქრობდით, რომ უფრო ადრე მოხდებოდა, თუმცა იგივე ლარში გამოშვება აზიის განვითარების ბანკის მიერ მოხდა ივლისში და შესაბამისად, მისი ასახვა ექვს თვეში ვერ მოესწრო. ასევე, მსოფლიო ბანკიდან ადამიანური კაპიტალის რეფორმის გარკვეული თანხების ჩამორიცხვა სექტემბერში მოხდა. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 435 მილიონია და 600 მილიონი გვაქვს სულ დაგეგმილი. არ ველოდებით, რომ რაიმე შეფერხება იქნება", - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.




























