მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაც უფრო დიდხანს დარჩება [რუსული] კანონი ძალაში, მით უფრო ვერ შეძლებს საქართველო EU-სთან დიალოგის გაგრძელებას" - გიგიაძე

გიგი გიგიაძე

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე, BMG-სთან საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც, ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამ ეტაპზე, შეჩერებულია.

გიგიაძის თქმით, EU-ს ელჩს მკაფიო გზავნილები ჰქონდა იმის შესახებ, რომ ევროინტეგრაციის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ექნება.

"ძალიან კონკრეტულად, [ჰერჩინსკის განცხადება] ნიშნავს, რომ საქართველოში "ქართული ოცნების" მიერ მიღებულმა რუსულმა კანონმდებლობამ გააჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, მაქსიმალური ზიანი მიაყენა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და, რაც უფრო დიდხანს დარჩება ეს კანონი ძალაში, მით უფრო დიდხანს ვერ მოახერხებს საქართველო ევროკავშირთან დიალოგის გაგრძელებას და, შესაბამისად, დაახლოების პროცესის განახლებას. ევროკავშირი პირდაპირ გვეუბნება, რომ რუსულმა კანონმა კი არ გაყინა, არამედ თავიდან ბოლომდე გააჩერა ეს პროცესი და, ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს არანაირი წინსვლა ევროკავშირთან ურთიერთობაში.

კარგი იყო ელჩისგან, ბატონი ჰერჩინსკისგან ამ სიტყვების მოსმენა, ძალიან მკაფიო გზავნილები ჰქონდა მას და ასევე ძალიან საინტერესო იყო, როდესაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება 26 ოქტომბრის არჩევნები, როდესაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, თუ როგორ ხედავენ ისინი ჩვენი ქვეყნის მომავალს", - ამბობს გიგი გიგიაძე.

გიგიაძე არ გამორიცხავს, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება არჩეულ საგარეო კურსს შეინარჩუნებს, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის და კანდიდატის სტატუსის შეჩერების მექანიზმებს აამოქმედებს.

"უკვე არსებული დინამიკის და იმ პროცესების გათვალისწინებით, რომლებიც რამდენიმე კვირაა დაიწყო, არ გამოვრიცხავ უკვე არსებული ფორმატების გადახედვასაც, მაგალითად, როგორიც არის კანდიდატის სტატუსის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება - ორივე მექანიზმი გააჩნია EU-ს და ამისთვის მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო, რაც გულისხმობს 27-დან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობას.

იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება ეს ანტიევროპული, ანტიდასავლური რიტორიკა და საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს, არ აღასრულებს საკუთარი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, ევროკავშირი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ეს ნამდვილად იქნება უკიდურესად ნეგატიური განვითარება ჩვენი ურთიერთობების", - ამბობს EPRC-ის უფროსი მკვლევარი.

გიგიაძე ასევე აღნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, ევროკავშირი აღნიშნული მექანიზმების ამოქმედებამდე საარჩევნო პროცესებს დააკვირდება, რადგან EU-ს არ სურს, საქართველოს მოსახლეობა დააზარალოს.

დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რამდენადაც, მათთვის გაურკვეველია მოქმედი ხელისუფლების განზრახვა". ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისადმი EU-ს დახმარება ეტაპობრივად შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები