მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ "ეკონომიკური უსაფრთხოების და დაკავშირებადობის" თემაზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე?

მთავრობა
07.11.24 18:00
1460

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დახურული ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილაეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

"ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით და ისაუბრა სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულება, რკინიგზის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება დაუთმო ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლს.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა სატრანზიტო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორად ფართო რეგიონში", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მთავრობის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ ბუდაპეშტში გაკეთებული კომენტარი.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული როლი იმაშია, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი ბუნებრივი ფუნქცია და დავაკავშიროთ აღმოსავლეთი დასავლეთს და პირიქით. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქმნის ჩვენი ქვეყანა, იმ ეკონომიკურ განვითარებასა და შედეგებზე, რომლებიც აქვს უკვე საქართველოს და იმ პოტენციალზე, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ქმნის სხვადასხვა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა ცალსახად გაუსვა ხაზი მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და პროგრესზე. ჩვენი მხრიდან აქცენტი გაკეთდა ამ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რომ ვითანამშრომლოთ ყველა იმ დაინტერესებულ მხარესთან, რომელსაც შეუძლია, განსაკუთრებული წვლილი შეიტანოს ამ პროცესში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

დახურული ფორმატის დისკუსიაში, რომელსაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობდა, ესტონეთის, პორტუგალიის, სერბეთის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, უკრაინის, მოლდოვას და სხვა ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები