მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაზე შეთანხმდნენ მსოფლიო ლიდერები G7-ის სამიტზე?

646ba66a84eea
გიორგი თოლორდავა
22.05.23 22:35
1505
იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის რიგით 49-ე სამიტი გაიმართა, რომელიც ოფიციალურად გუშინ დასრულდა. სამიტში მონაწილეობას იღებდნენ დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები: ანუ ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია და იაპონია. გარდა ამისა, სპეციალური მოწვევით სამიტს ესწრებოდნენ: ევროკავშირის, უკრაინის, ინდოეთის, ავსტრალიის, ბრაზილიის და სამხრეთ კორეის ლიდერებიც.

სამიტზე განხილულ საკითხებს შორის იყო: რუსეთ-უკრაინის ომი, სანქციების ახალი პაკეტი, დახმარების ახალი ზომები, უკრაინის აღდგენის სტრატეგია, ჩინეთის გეოპოლიტიკური როლი და ხელოვნური ინტელექტი.

ბუნებრივია, მთავარი სასაუბრო თემა უკრაინის საკითხი იყო, რომლის დახმარებაც დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოების სტრატეგიული ამოცანაა. მსოფლიო ლიდერების განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის პროცესი მომავალშიც უწყვეტად გაგრძელდება და ომში მყოფ სახელმწიფოს თამამად შეუძლია ჰქონდეს დიდი შვიდეულის იმედი. აღსანიშნავია, რომ სამიტს ესწრებოდა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა ბრძოლას იქამდე გააგრძელებს, სანამ სახელმწიფო სრულად არ დაიბრუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ცხადია, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები მხოლოდ დაპირებებით არ შემოფარგლულან. სამიტის დასკვნით დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რომელიც 375 მილიონ დოლარს შეადგენს და ის მოიცავს როგორც სამხედრო, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს კანადაც, პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა უკრაინელი მებრძოლების, ოფიცრებისა და პილოტების გადამზადებას უზრუნველყოფს, რათა NATO-ს სტანდარტებით გაწვრთნილმა ჯარისკაცებმა ბრძოლაში მეტ წარმატებას მიაღწიონ.

ჯარისკაცების გადამზადებაზე პირობას დებს გერმანიაც. ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინელი პილოტები F-16 გამანადგურებლებით გაივლიან წვრთნებს, რაც მათ ბრძოლაში დიდ უპირატესობას მისცემს.

დიდი შვიდეულის ყურადღების ცენტრში იყო რუსეთიც. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარმოადგინა, რომელიც რუსული სპილენძის, ალუმინის, ნიკელის, ბრილიანტის და ძვირფასი ლითონების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ბრიტანეთში სულად აიკრძალება რუსეთიდან ზემოხსენებული პროდუქციის იმპორტი. გარდა ამისა, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციებიც დაუწესა რამდენიმე ტრეიდინგ და სატრანსპორტო კომპანიას, რომელთაც ბრალად ედებათ უკრაინული მარცვლეულის მითვისება და ბირჟაზე გადაყიდვა.

სანქციებთან მიმართებით ხელცარიელი არც ამერიკა ყოფილა. რუსეთის მხარდაჭერის გამო, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ შავ სიაში დამატებით 71 კომპანია შეიყვანა. თეთრი სახლის ამ გადაწყვეტილებით, შეზღუდვები გაფართოვდა იმ კომპანიებზეც, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან აქტიურად ვაჭრობენ. გარდა ამისა, ვაშინგტონმა ახალი სანქციები დაუწესა რუსულ კომპანია Polyus-სა და Polymetal-ს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ოქროს უმსხვილესი მომპოვებლები არიან.

დიდი შვიდეულის სანქციები მხოლოდ ამით არ დასრულებულა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამჟამად სანქციების რიგით მე-11 პაკეტზე მუშაობენ, რომელიც სამართლებრივი ხვრელების ამოქოლვას და მესამე ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლის პრაქტიკის შეზღუდვას ისახავს მიზნად.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩინეთი იყო. მმართველი კომუნისტური პარტიიდან მომავალი მზარდი საფრთხის ფონზე, მსოფლიო ლიდერები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჩინეთზე დამოკიდებულება ეტაპობრივად უნდა შემცირდეს და მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის პროცესი დაიწყოს. „დერისკიზაცია“ - ასეთი ტერმინით მოიხსენიეს მსოფლიო ლიდერებმა ჩინეთის წინააღმდეგ განსახორციელებელი სტრატეგია, რომელიც გლობალურ ეკონომიკაში ჩინეთის მნიშვნელობის შემცირებას ისახავს მიზნად.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების სრულად გაწყვეტა გამორიცხულია, მაგრამ ყველა სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა შეეცადოს დივერსიფიცირებას და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას.

დიდი შვიდეულის განცხადებას, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და G7-ის გადაწყვეტილებას „პროვოკაციული და საღ აზრს მოკლებული“ უწოდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მსოფლიო ლიდერებმა ისაუბრეს ხელოვნური ინტელექტი იყო. დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ სფერო აუცილებლად უნდა დარეგულირდეს და გარკვეული თამაშის წესები გაიწეროს, კონკრეტული სამოქმედო გეგმა კი ლიდერებს ჯერ არ დაუსახელებიათ.

აღსანიშნავია, რომ დიდი შვიდეულის სამიტის ფონზე, ჩინეთმა რეგიონული კონფერენცია გამართა, რომელსაც თავად სი ძინპინი, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე მხარეებმა ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები