trip.com მსოფლიოში სიდიდით მეორე ონლაინ ტურისტული სააგენტოა. მან ოპერირება ჩინეთში 1999 წელს დაიწყო. კომპანია თითქმის ყველა ტურისტულ სეგმენტს, მათ შორის, ავიაბილეთების გაყიდვასაც მოიცავს. BMG-ის რესპონდენტი გივი ბიწაძე trip.com-ის მარკეტ-მენეჯერია, ის და მისი გუნდი აშშ-ში სასტუმროებს სხვადასხვა ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვაში ეხმარებიან. ისინი ძირითადად აზიის, მათ შორის დიდი დოზით ჩინეთის ბაზარზე მუშაობენ. გივი ბიწაძესთან ინტერვიუ ტურიზმის ჭრილში რუსეთ-უკრაინის ომის გავლენებზე და 2022 წელს აშშ-ში, საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე ჩავწერეთ.
მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა, მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. როგორია დღეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების გადაადგილება მსოფლიოში და როგორ აისახება მიმდინარე პროცესები აშშ-ზე?
აშშ-ზე ამ ეტაპზე გავლენა არ შეიმჩნევა, რადგან ამერიკისთვის რუსეთის ბაზარი მთავარი არასდროს ყოფილა. აშშ-სთვის სამიზნე ყოველთვის იყო გაერთიანებული სამეფო, კანადა და სხვა სამეზობლო ქვეყნები, მათ შორის მექსიკა. მომავალში რუს მოქალაქეებს სავარაუდოდ, მოგზაურობა ფრენების სიმცირის გამო გაუჭირდებათ. ასევე იმიტომ რომ მათი პლასტიკური ბარათები არ იმუშავებს. ახლა ამერიკაში რუსების ნაკადი მხოლოდ მაიამისა და თბილ შტატებში შეინიშნება, სადაც ისინი უძრავ ქონებას ფლობენ.
რამდენად შესაძლებელია რუსეთის ფედერაციის იმ მოქალაქეების კლასიფიცირება ტურისტებად, ვინც ქვეყნიდან გასვლა შეძლო?
არ ვიცი რამდენად შესაძლებელია, იმიტომ რომ ტურისტის ცნებას თავისი ახსნა აქვს. მაგალითად, გააჩნია პირები ამა თუ იმ ქვეყანაში რისთვის და რამდენი ხნით ჩადიან, ასევე იქ რამდენი ხნით ჩერდებიან. თუ დაახლოებით 1 თვე ჩერდებიან, მაშინ შესაძლოა ვთქვათ, რომ ტურისტები არიან, თუმცა უფრო მეტ ხანს ვინც რჩება, ისინი ტურისტებად აღარ ითვლებიან. მათი გადაადგილება დიდი რაოდენობით იმ ქვეყნებში შეინიშნება, სადაც სახმელეთო საზღვრები აქვთ და ვიზა არ სჭირდებათ, მათ შორისაა საქართველოც. ისინი კონკრეტული ვადებით შემოდიან საქართველოში და გარკვეული დროის შემდეგ ტურისტებად აღარ ჩაითვლებიან. რეალური გამოცდა ჩვენ მაისის პირველ კვირაში გვექნება, როდესაც რუსული შვებულებების პერიოდი იწყება და რუსი ტურისტი, სწორედ ამ დროს ყველაზე დიდხანს დაახლოებით ორი კვირით მოგზაურობს.
დღეს საქართველო რუსეთიდან ე.წ. დროებითი მცხოვრებლებისგან რა სახის საფრთხეებს შეიძლება ელოდოს?
ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყანაში რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა, უკეთესია, თუმცა შესაძლოა შეზღუდვების დაწესება. სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, ტურისტად შემოსულ ადამიანებს უვიზო რეჟიმი დიდი ხნით ჰქონდეთ თუ არა. ასევე ტურისტებს ქვეყანაში ყოფნის დრო უნდა შეუმციროს მაგალითად, სამ თვემდე, რაც ტურისტს იძულებულს გახდის სამ თვეში უკან გავიდეს. ტურიზმში არის ასეთი ცნება “გაღიზიანების ინდექსი”, ანუ რამდენად ღიზიანდება ადგილობრივი მოსახლეობა ტურისტებით. რამდენიმე ეტაპია: ერთი, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ბედნიერია, როცა ტურისტი შემოდის და მას მხიარულად ესალმება, ასევე სახლში ეპატიჟება. შემდეგი ეტაპია, როდესაც უკვე ცდილობენ ტურიზმი კომერციად გადააქციოს, ხოლო მესამე ეტაპია უკვე ის, როდესაც მოქალაქეების გაღიზიანება ხდება, როდესაც ბევრი ტურისტი შემოდის, ადგილობრივი მოსახლეობა ღიზიანდება.
2022 წელს საქართველოს ტურიზმის განვითარების რა შანსები აქვს?
რუსეთ-უკრაინის ომმა პანდემია გადაფარა და ის აღარავის ახსოვს. საქართველოში ტურიზმის განვითარება სწორედ ამ ომის შედეგებზეა დამოკიდებული. ჩვენ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა ვართ და ამ ნაწილში ნებისმიერი ტურისტისთვის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. ჯერ უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი და შემდგომ სხვა დანარჩენი. ჩვენს გამოცდას ზაფხულში ვნახავთ, ტურისტები შემოვლენ თუ არა. თუმცა, ჩვენთვის ახლო აღმოსავლეთიდან შემომავალ ტურისტებს ომის არასდროს შეშინებიათ. ისინი საქართველოში ყოველთვის შემოდიოდნენ. ასევე ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან ტურისტები საქართველოს მიეჩვივნენ. ვერ გეტყვით, რომ ტურისტული ნაკადებით 2019 წელს მივუახლოვდებით, თუმცა იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე შარშან.