მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეესტრში არ დავრეგისტრირდებით, ლიკვიდაციაზე მოგვიწევს წასვლა - "განათლების კოალიცია" "რუსულ კანონზე"

ჭანტურია

საერთაშორისო პარტნიორებმა მხარდაჭერის გზებიც რომ მოძებნონ, ჩვენ ფაქტობრივად ვერ მივიღებთ, ლიკვიდაციაზე მოგვიწევს წასვლა, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას განათლების კოალიციის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.

„დემაგოგიაში შედიან, აბა რაღაცა სიტყვა გვითხარით, რაღაცა სტროფი გვითხარით, რატომ არის კანონი რუსულიო და ა.შ. მთლიანად კანონი არის რუსული, დასახელებიდან დაწყებული, შინაარსით დამთავრებული. ის, რომ მე, როგორც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ უნდა დავირქვა, რომ აგენტი ვარ, თან მხოლოდ იმიტომ, რომ სასკოლო კვების დანერგვაზე ვმუშაობთ, მასწავლებელთა პროფესიული სისტემის დახვეწას ვითხოვთ, მასწავლებელთა შრომითი უფლებების დაცვას ვითხოვთ და ა.შ. მიუღებელია. ეს არის მთლიანად რუსული, რადგან აქამდე ეს არ ხდებოდა. შემოიტანეს კანონპროექტი, ვხედავთ, რომ ასიათასობით ადამიანი აპროტესტებს და ამბობენ 20 ათასი ადამიანი იბრძვისო. საღ აზრზე მიდის უკვე მსჯელობა. გვიწევს ლაპარაკი 2*2 ოთხი არის თუ არა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ოთხია. გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ეს კანონი არ შეესაბამება მათ სტანდარტებს, ამ კანონით ევროკავშირში ვერ შევალთ“, - განაცხადა ჭანტურიამ.

კითხვაზე, მოვლენათა როგორ განვითარებას ელოდება, ჭანტურია იმედოვნებს, რომ კანონპროექტს გაიწვევენ, ან არჩევნებზე ყველაფერს გაეცემა პასუხი.

„რაც შეეხება განათლების სისტემას - თუ შევხედავთ განვითარებას, განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვთ სისტემის განვითარებაში. ყველა მნიშვნელოვანი პროცესი და პროექტი განხორციელდა მათი მხარდაჭერით. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება, თუკი ისინი ამ კანონს გაიტანენ, დაიწყება აბსოლუტურად რეპრესიები განათლებაში. ვინც აქტიურობდა სკოლებში, უნივერსიტეტებში, იმ კრიტიკული აზრის განდევნა დაიწყება. დაიწყება სახელმძღვანელოების შინაარსის კონტროლი, რა და როგორ უნდა ვასწავლოთ. იტყვიან, რომ 100 ათასი კი არ აპროტესტებდა ამ კანონს, 20 ათასი აპროტესტებდა და ამას შეიტანენ ისტორიაში. ამას ისეთი სისწრაფით დავინახავთ, როგორც ამ კანონპროექტთან დაკავშირებით განვითარდა მოვლენები.

გარდა იმისა, რომ კანონპროექტი შეურაცხმყოფელია, თვითონ ურთიერთობასაც დააზიანებს. შეიზღუდება ფინანსური ხელმისაწვდომობა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მიღების შემთხვევაში, ჩვენ არ დავრეგისტრირდებით ამ რეესტრში და ფაქტობრივად საქმიანობის შეზღუდვა გამოგვივა. სულ რომ მათ რაღაცა გზები მოძებნონ მხარდაჭერის, ჩვენ როგორ ა(ა)იპ ორგანიზაცია, ფაქტობრივად ლიკვიდაციაზე მოგვიწევს წასვლა“, - თქვა ჭანტურიამ.

ის გამოეხმაურა სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების პროტესტს და იმედი გამოთქვა, რომ სტუდენტები გადამწყვეტ როლს შეასრულებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ განათლების სისტემა მთლიანად არის ორიენტირებული ტოტალურ კონტროლზე, როგორც ჩანს, სისტემის გაკონტროლება და რეპრესიული პოლიტიკის გატარება მაინც ვერ შეძლეს. ამჟამინდელი მინისტრის საქმიანობის მთავარი როლიც ეს არის. ამიტომ მე იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ უფრო მეტი აქტიურობა იქნება სტუდენტების მხრიდან, ზოგადად საზოგადოების მხრიდან და საბოლოოდ, ასეთი თანმიმდევრული ნაბიჯებით, რასაც ახლა ვუყურებთ, აუცილებლად გავიმარჯვებთ.

პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი სწორ ადგილას არის, ნაწილის რეაქცია დაგვიანებულია. ზოგადად, თვითონ უნივერსიტეტი, როგორც ინსტიტუცია უნდა იყოს აქტიური და მათი ხმა უნდა ისმოდეს არა ინდივიდუალურად, პროფესორების, სტუდენტების, რაღაცა ჯგუფების, არამედ უნივერსიტეტების დონეზე. სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან აჩვენებს, რომ უნივერსიტეტი ფაქტობრივად ამ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, არადა მათი ერთ-ერთი მთავარი როლი ეს არის. ჩვენთან განათლება განიხილება ისე, თითქოს რაღაც შენობაში უნდა მიხვიდე, ინფორმაცია მიიღო, წამოხვიდე და მერე დასაქმებაში შეგიწყოს ხელი. არადა, ფართო გაგებით, რეალურად სწორედ იქ უნდა ხდებოდეს პოლიტიკის განსაზღვრა, იქ უნდა დუღდეს პროცესი. უნივერსიტეტები, როგორც ინსტიტუციები დღეს ვერ ფუნქციონირებენ“, - აღნიშნა ჭანტურიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები