"ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სურსათის გარდა, ფასი მაღალია ფარმაცევტულ სექტორშიც. მისი თქმით, სურსათის მსგავსად, წამლების ფასების მიმართულებითაც შესაძლებელია ცვლილებები.
რეფერენტული ფასწარმოქმნის შემოღების შემდეგ კონკრეტული დასახელების მედიკამენტებზე ფასები 35%-მდე შემცირდა- ამბობს საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ რეფორმამ წამლების მხოლოდ ნაწილზე იქონია გავლენა. ირაკლი მარგველაშვილის თქმით, იმისთვის რომ წამლებზე ჯიბიდან გადახდის წილი შემცირდეს მხოლოდ რეგულირების მექანიზმი საკმარისი არ არის.
“დღესდღეობით ბოლო განახლება ნოემბერში იყო და 2594 მედიკამენტია შესული. დაახლოებით რომ ვთქვათ ეს არის 40% იმ დასახელებების, აქტიური მოლეკულების, რაც საქართველოში ოპერირებს. ამან ის შედეგი გამოიღო რომ დაახლოებით 30-40%-ით შემცირდა ფასები უმეტეს მედიკამენტებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ შედეგი გვაქვს ამ მხრივ. ალბათ განცხადების მიზანი ის არის, რომ გარკვეულ პერსპექტივაში, საშუალო ვადიან თუ გრძელვადიანში მივაღწიოთ ამ ეფექტის გაზრდას.
ჩვენი ასოციაციის კომპანიები არიან საერთაშორისო მწარმოებლები, რომლებიც არ განსაზღვრავენ საბოლოო ფასს. ჩვენ არ ვმონაწილეობთ მედიკამენტის უშუალო რეალიზაციაში, ესენი არიან მწარმოებლები და უკვე დისტრიბუტორთან მოლაპარაკებით და კანონმდებლობით ხდება საბოლოო ფასის ჩამოყალიბება. დისტრიბუციის სექტორში კონკურენციაა,”- ამბობს ირაკლი მარგველაშვილი.




























