განათლების ექსპერტი, შალვა ტაბატაძე ამბობს, რომ რეგიონში არსებულ კერძო სკოლებს ფინანსური გამოწვევები აქვთ. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.
ექსპერტის თქმით, რეგიონში მდებარე კერძო სკოლების ეს გამოწვევა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორითაა განპირობებული.
„დღესდღეობით გვაქვს საკმაოდ ცუდი კონფიგურაცია. რა თქმა უნდა, ეს სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორზეცაა დამოკიდებული, მაგრამ კერძო სკოლები განვითარებულია მხოლოდ თბილისში და ნაწილობრივ ბათუმშიც. 210 სკოლიდან, 110 სკოლა არის თბილისში, ხოლო რეგიონში არსებული კერძო სკოლები ფაქტობრივად სულს ღაფავენ. მათ არ აქვთ შემოსავლის დამატებითი წყარო.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში ვაუჩერული დაფინანსების სისტემა გვაქვს, რომლის მოტივაცია კონკურენციის გაზრდა უნდა იყოს. ამასთან, კერძო და საჯარო სკოლების პირობებში ხარისხის გაზრდა და მშობლის არჩევანის ხელშეწყობა, რასაც სისტემა ვერ აკმაყოფილებს. მხოლოდ თბილისში ვითარდება სექტორი. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, ფაქტობრივად არაფრის მომცემი არ არის, რადგან მათ, ვისაც განვითარების პრობლემები აქვს, ვერ ეხმარება“, - განაცხადა შალვა ტაბატაძემ.
განათლების ექსპერტის განცხადებით, ამ სერვისის მიწოდებაზე მოთხოვნა და მზაობა არსებობს, თუმცა არც ისე მარტივია კერძო სკოლების საქართველოში განვითარება. მათ შორის მაშინ, როდესაც სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვა განათლების სექტორისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.