რუსეთში მარტის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შორის, მოქმედი პრეზიდენტი უპირობო ფავორიტია. ვლადიმერ პუტინთან ერთად, კანდიდატებს შორის კიდევ სამი პოლიტიკოსია რეგისტრირებული, რომლებიც რუსეთის უკრაინასთან ომს მხარს უჭერენ.
რეგისტრაცია ვერ შეძლო რუსული ომის მოწინააღმდეგე, ბორის ნადეჟდინმა. მას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (CEC) მონაწილეობაზე უარი ტექნიკური მიზეზის გამო უთხრა. კერძოდ, კენჭისყრისთვის საჭირო ხელმოწერებში შეცდომის გამო.
კანდიდატები არიან რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე და „ახალი ხალხის“ წევრი ვლადისლავ დავანკოვი, კრემლის ლოიალური ულტრანაციონალისტური ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (LDPR) ლიდერი ლეონიდ სლუცკი და კომუნისტური პარტიის კანდიდატი ნიკოლაი ხარიტონოვი.
სააგენტო იუწყება, რომ 71 წლის პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს და არა მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატად. პუტინი 2000 წლიდან მართავს რუსეთს და დიდი ალბათობით, მარტივად გაიმარჯვებს მომავალ თვეში.