2024 წლის აპრილში გასულ წელთან შედარებით მშენებლობა 10.8%-ით გაძვირდა. მშენებლობის ინდექსის ზრდა ძირითად გამოწვეული იყო დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდით და სამშენებლო მასალების გაძვირებით.
"სამშენებლო პროცესს ახალი რეგულაციებიც აძვირებს, რასაც თავისი ეფექტი აქვს უძრავი ქონების საბოლოო ფასზე" - ამბობენ დეველოპერული ბიზნესის წარმომადგენლები. სწორედ აქედან გამომდინარე უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია პროსპექტში აცხადებენ, მიმდინარე წელს ფასები დრამატულად არ გაიზრდება, თუმცა 2025 წელს არსებობს მოლოდინი რომ ფასები მნიშვნელოვნად დაკორექტირდება.
“სტატისტიკას თუ გადავხედავთ ის არ გვიქმნის საფუძველს, რომ ფასები დაიწევს. თვიდან თვემდე საშუალო ფასები მატულობს, ვფიქრობ, ეს ტენდენცია გაგრძელდება. 2024 წელს შეიძლება ჩვენ არ ვიხილოთ ფასების დრამატული ზრდა იმ ნებართვებზე, რომელიც უკვე გაცემულია, მაგრამ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ 2025 წლიდან რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად უნდა ველოდოთ 20-30%-იან ზრდას ფასებზე. ეს რეგულაციები მკვეთრ ცვლილებას შეიტანს დეველოპერულ ბაზარზე.
მიგრანტების ეფექტი ფაქტობრივად განულებულია. შესყიდული ბინები გამოტანილია უკვე მეორად ბაზარზე, ძირითადად ბათუმში. 2024 წელს ბაზარზე უკვე შეინიშნება რეალური კლიენტის ნაკლებობა. მე ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებსაც ნამდვილად საცხოვრებელი მიზნით უნდათ ბინის შეძენა. შეინიშნება ადაპტაცია ბაზარზე კომპანიების მხრიდან, რომლებიც მომხმარებლებს უფრო მეტ ფინანსურ ინსტრუმენტს სთავაზობენ, რომ ინტერესი შენარჩუნდეს და რაოდენობრივი პარამეტრებში არ იყოს ცვლილებები, მაგრამ სანახავი არის რა ხდება ფულადი შემოდინებების კუთხით ბაზარზე, რასაც მომავალ წელს უკეთესად ვნახავთ,” - ამბობს პროსპექტის პარტნიორი ლევან ელიზბარაშვილი.