სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ბაზარზე კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს, მომავალი წლიდან კიდევ 101 დასახელების პროდუქტი დაემატება - შესაბამის დადგენილებაში ცვლილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს ინიცირებით დაამტკიცეს.
როგორც სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ცელსიუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, სოფო ახალაია BM.GE-სთან აცხადებს, მათ კომპანიას რაიმე პრობლემა ამ საკითხის გამო არ შეუქმნია და ყველა საჭირო რეგულაციის დაცვაზე თავიდანვე იზრუნეს, რომელიც ჯერ კიდევ წინა პერიოდებში გარკვეულ გათბობის სისტემებზე მოქმედებდა.
მისი ინფორმაციით, რეგულაციების შემოღება კი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, თუმცა მისი გაკონტროლებაა საჭირო.
„ჩვენი იმპორტირებული პროდუქცია შემოწმებულია. რეგულაციები აქამდეც მოქმედებდა, შესაბამისად, პროდუქცია ძველი რეგულაციების საფუძველზეა შემოწმებული. რაც შეეხება ფასს, ფასმა უმნიშვნელოდ მოემატა. ამის მიზეზი კი არა რეგულაცია, არამედ საერთაშორისო ბაზარზე, ნედლეულზე გაზრდილი ფასი იყო, რომელიც პროდუქციის დასამზადებლადაა საჭირო.
ასეთი ღონისძიებების ჩატარება აუცილებელია, მით უმეტეს, როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება. ვფიქრობ, რეგულაციების მიღება ერთია, თუმცა მნიშვნელოვანია მისი შესრულება და კონტროლი, რაზედაც სახელმწიფო შედარებით მოიკოჭლებს,“ - აცხადებს ახალია.
მისი ინფორმაციით, ზაფხულში კიდევ ახალი რეგულაცია უნდა დადგინდეს, კონდიცირების კუთხით, უსაფრთხოების ნაწილში, რაზედაც სპეციალური ტრენინგები და გადამზადებაა შემოღებული.
"მაგალითად, კონდინციონერები, რომლებიც ქსელისთვის არის, მათ ფრეონის ან სხვა საშუალებების ჩამატება სჭირდება. ამისათვის, კი სერტიფიცირებული ხელოსანია საჭირო. შესაბამისად, სერტიფიკატის მისაღებად, გადამზადება იქნება საჭირო, რისთვისაც კომპანია ემზადება", - ამბობს ის.