პარიზში საჰაერო ტაქსის სერვისისთვის შესაბამისი საფრენი აპარატი უკვე შერჩეულია და პირველი ვერტიპორტი - მფრინავი ტაქსების აეროპორტი - უკვე მზადაა. ამის მიუხედავად, პროექტის ავტორები ჯერ კიდევ მუშაობენ ხელისუფლებისა და რეგულატორების დარწმუნებაზე. სავარაუდოა, რომ პირველი საჰაერო ელექტრო-ტაქსი პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გამოჩნდება - ამის შესახებ Euronews-ი წერს, რომელიც ევროპის პირველ ვერტიპორტსაც ეწვია.
როგორც Skyports-ის ევროპისა და შუა აღმოსავლეთის ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელმა, დამიენ კაიზელმა მედიას განუცხადა, ტრადიციული აეროპორტების მსგავსად, ვერტიპორტში ფრენაზე წინასწარი რეგისტრაცია იქნება საჭირო, გამგზავრებამდე 5 წუთით ადრე კი, მგზავრები საჰაერო ტაქსიში ჩასხდომისთვის მოემზადებიან. მისი თქმით, ჩასხდომა ბიომეტრიული პორტალით კონტროლდება. მფრინავი ტაქსი პარიზის შემოგარენში, 5 სხვადასხვა აეროპორტში შეძლებს დაჯდომას.
საფრანგეთის რეზიდენტ მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ მიუციათ ხმა მფრინავი ტაქსების შემოღებაზე, თუმცა, პროექტის თანახმად, ახალი ხომალდები ტიპურ ვერტმფრენებთან შედარებით 4-ჯერ უფრო ჩუმი და ეკო-მეგობრულია, რადგან ნახშირბადის დაბალი რაოდენობით აწარმოებს. მფრინავი ტაქსები ავიაციაში არა მხოლოდ მგზავრების გადაყვანისთვის, არამედ ამანათებისა და სამედიცინო ინვენტარის ტრანსპორტირებისთვისაც გამოიყენება.
გერმანული კომპანია Volocopter-ი, რომელიც მფრინავ ტაქსებს აწარმოებს, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგან მწვანე შუქს ელოდება, რათა, სერტიფიცირების შემდეგ, მთელი რესურსები ხომალდის განვითარების მოახმარონ.
პროექტის ავტორებს სჯერათ, რომ პარიზი გახდება პირველი დედაქალაქი მსოფლიოში, რომელშიც მფრინავი ტაქსის სერვისი გამოჩნდება, თუმცა ოლიმპიადამდე შესაბამისი უწყებების დასარწმუნებლად 1 წელზე ნაკლები რჩება.